logo
ENG



უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებულ G7-ის დეკლარაციას საბერძნეთიც შეუერთდა

13 აგვ 202300:17
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/13/3ihgrchrewceb11.jpg

საბერძნეთი გახდა მე-14 ქვეყანა, რომელიც შეუერთდა დიდი შვიდეულის წევრი სახელმწიფოების დეკლარაციას უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით. ინფორმაცია ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაავრცელა.

Telegram-ზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ საბერძნეთს და ქვეყნის პრემიერმინისტრს მადლობა გადაუხადა, მოგვიანებით კი, ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით თითოეული ქვეყნის როლზე ისაუბრა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა და ყველა ქვეყანა, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში მუშაობს, "აგრესორ ქვეყანას სწორ სიგნალს უგზავნის".

უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დეკლარაციას საბერძნეთის გარდა ბელგია, ჩეხეთი, დანია, ფინეთი, ისლანდია, ირლანდია, ლატვია, ნიდერლანდები, ნორვეგია, პორტუგალია, რუმინეთი, ესპანეთი და შვედეთი აწერენ ხელს. 

ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც იბრძვის, ვინც მხარს უჭერს უკრაინას და ვინც ანადგურებს ოკუპანტებს.

12 ივლისს, ვილნიუსში NATO-ს სამიტის დასასრულს დიდი შვიდეულის ქვეყნების ლიდერებმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერეს დეკლარაციას უკრაინისთვის სამხედრო დახმარებისა და უსაფრთხოების გარანტიების შესახებ.

დოკუმენტის თანახმად, დიდი შვიდეულის ქვეყნები იღებენ ვალდებულებას, უზრუნველყონ უკრაინის თავდაცვისუნარიანობა და უსაფრთხოება გრძელვადიანი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე. 

დიდი შვიდეულის ქვეყნების დახმარება მოიცავს თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო სფეროებში. ასევე, წვრთნებს უკრაინელი ძალებისთვის, სადაზვერვო ინფორმაციის გადაცემას და დაცვას კიბერშეტევებისგან. 


close დახურვა