უკრაინის ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ომის შედეგად ზარალმა შესაძლოა 500 მილიარდ დოლარს მიაღწიოს. ამის შესახებ სერგეი მარჩენკო Forbes-ის უკრაინულ გამოცემას ესაუბრა.
"ომის ნეგატიური შედეგები კოლოსალური იქნება. 10 ოლქში, სადაც საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს, მშპ-ს ნახევარი მოდის... ბევრი ლოგიკური ჯაჭვი გაწყდა, ბევრი წარმოება ფიზიკურად განადგურდა, ზოგიერთს არ შეუძლია ომის პირობებში მუშაობა, ბევრი დასაქმებული უბრალოდ გაემგზავრა. ეკონომიკის სამინისტრო მიიჩნევდა, რომ დანაკარგი მშპ-ს მესამედიდან ნახევრამდე იქნება. სხვა მონაცემებით, საუბარია 500 მილიარდ დოლარზე. ზუსტად დათვლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ომის შემდეგ", - ამბობს მარჩენკო.
Forbes-ის ინფორმაციით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინის უმდიდრესმა ბიზნესმენებმა 15 მილიარდი დოლარი დაკარგეს. ყველაზე ბევრი ფული დაკარგა რინატ ახმეტოვმა, რომლის ქონებაც 13,7 მილიარდიდან 4,2 მილიარდამდე შემცირდა.