სამხრეთის ოპერატიული სარდლობის სპიკერის, ვლადისლავ ნაზაროვის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სამხრეთით ოკუპანტებს 130-მდე დარტყმა მიაყენეს.
"თავდაცვის ძალების არტილერისტები და რაკეტისტები ღამით თავს დაესხნენ მტრის პოზიციებსა და მტრის ძალების კონცენტრაციის უბნებს. შესრულდა 130-მდე საცეცხლე მისია. მოწინააღმდეგის დანაკარგები ზუსტდება," - თქვა სამხრეთის ოპერატიული სარდლობის სპიკერმა.
ნაზაროვის თქმით, მტერი აგრძელებს თავდაცვითი ოპერაციების ჩატარებას და ოკუპირებული ხაზების შენარჩუნებას ცდილობს.
რამდენიმე თვეა, რაც უკრაინის სამხრეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში უკრაინული ძალების კონტრშეტევა მიმდინარეობს. უკრაინის ცნობით, ამჟამად, რუსეთის ოკუპაციის ქვეშ ხარკივის რეგიონში 32 დასახლებაა. ამასთან, უკრაინელმა მებრძოლებმა ხერსონის ოლქში 88 დასახლება გაათავისუფლეს.
ბოლო ერთი დღის განმავლობაში, სამხრეთის მიმართულებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოწინააღმდეგის ორი ვერტმფრენი და რუსი ოკუპანტების საბრძოლო მასალის ოთხი საცავი გაანადგურეს.