მელიტოპოლის მერის, ივან ფედოროვის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ზაპოროჟიეს დეოკუპაციისთვის ემზადებიან.
ფედოროვის თქმით, გულიაიპოლეს მახლობლად განადგურდა საბრძოლო მასალის საცავი და დაიჭრა 20-ზე მეტი ოკუპანტი, ტოკმაკში განადგურდა 10 ერთეული სამხედრო ტექნიკა და დაიჭრა 40-მდე რუსი სამხედრო, პოლოგში 30-მდე რუსი ოკუპანტი დაიჭრა, კამენკა-დნეპროვსკაიაში განადგურდა 7 ერთეული სამხედრო ტექნიკა და დაიჭრა 40-მდე რუსი დამპყრობელი. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ ზუსტდება დაღუპულთა რაოდენობა, რომლის დამალვასაც რუსი ოკუპანტები ცდილობენ.
"ორეხოვის, კონსკიე რაზდორისა და ტოკმაკის დასახლებების რაიონებში 100-მდე რუსი ჯარისკაცია დაშავებული. მათ შორის 25-ზე მეტის მობილიზება ახლახანს მოხდა. ბერდიანსკის დასახლებასთან განადგურდა 4 S-300 საბრძოლო კომპლექსი," - თქვა მელიტოპოლის მერმა.
ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს დაბომბვა გააძლიერეს. სექტემბრის ბოლოს, რუსებმა სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს მშვიდობიანი მოსახლეობის ჰუმანიტარულ კოლონაზე, ზაპოროჟიეს გასასვლელში. რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა, 88 კი დაშავდა. ამის შემდეგ, რუსმა ოკუპანტებმა არაერთხელ დაარტყეს ზაპოროჟიეს ოლქს, რამაც მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვა და ინფრასტრუქტურის განადგურება გამოიწვია.