logo
ENG



უკრაინისა და ვაგნერის ცნობით, რუსეთის ძალები ბახმუტიდან უკან იხევენ

19 მაი 202301:26
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/19/za1jykmo8uy28hw.jpg
REUTERS / Sofiia Gatilova

უკრაინისა და რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ცნობით, რუსეთის ძალები ბახმუტიდან უკან იხევენ.

უკრაინის ცნობით, ფრონტის ხაზის სიახლოვეს რუსეთი ბომბავს მისასვლელ გზებს, რათა უკრაინის შეტევა შეანელოს.

„ახლა, მას შემდეგ რაც ჩვენ დავიწყეთ დაწინაურება, უმეტესად ისინი [რუსები] ბომბავენ ფრონტისკენ მიმავალ ყველა გზას, რათა ჩვენმა ჯავშანტრანსპორტმა ვერ შეძლოს დამატებითი ქვეითი ჯარის, შეიარაღებისა და სხვა მასალების მოწოდება“ - განაცხადა უკრაინის საარტილერიო დანაყოფის მეთაურმა, პეტრო პოდარუმ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, მათი სამხედროები ზოგ ადგილას 1 მილზე მეტი რადიუსითაც დაწინაურდნენ. უკრაინის ძალები თავდაცვით პოზიციაში ბახმუტში ნახევარ წელზე მეტხანს იყვნენ, თუმცა მოსკოვის მასშტაბური შეტევის მიუხედავად, ოკუპანტებს მხოლოდ სუსტი წინსვლა ჰქონდა.

"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს დანაყოფებს არ აქვთ უპირატესობა შეიარაღების და პერსონალის კუთხით, მათ გააგრძელეს ფლანგებზე დაწინაურება და დაფარეს 150-დან 1 700 მეტრამდე დისტანცია" - განაცხადა უკრაინის ჯარის სპიკერმა სერჰეი ჩერევატიმ.

ვაგნერის ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი კი აცხადებს, რომ მისი ძალები ბახმუტის შიგნით კვლავ წინ მიიწევენ და ცდილობენ, უკრაინელი სამხედროები ქალაქის დასავლეთ ნაწილში ბოლო დასაყრდენი პუნქტებიდან გამოაძევონ.

პრიგოჟინი კვლავ ადანაშაულებს რუსეთის რეგულარულ ძალებს ბახმუტის ჩრდილოეთი და სამხრეთ ნაწილების მიტოვებისთვის, რაც მისი თქმით, ქალაქში სამხედროების ალყაში მოქცევის რისკებს აჩენს.

"სამწუხაროდ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკან დაიხია 570-მდე მეტრით ბახმუტის ჩრდილოეთში, რიტაც ჩვენი ფლანგები გამოააშკარავა.

საჯაროდ მივმართავ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს - რადგან ჩემს წერილებს არ კითხულობენ - გთხოვთ, არ დათმოთ ფლანგები" - განაცხადა პრიგოჟინმა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გასულ კვირაში ბახმუტის სიახლოვეს ზოგიერთი პოზიციის დატოვების შესახებ ისაუბრა, თუმცა კვლავ უარყოფს პრიგოჟინის მტკიცებას, რომ ფლანგები იშლება, ან რომ ვაგნერს საბრძოლო მასალებს არ აწვდიან.


close დახურვა