უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის რაიონში მდებარე სოფელი დავიდოვ ბროდი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს. ინფორმაციას უკრაინის სახალხო დეპუტატი რომან ლოზინსკი ავრცელებს, რომელიც უკრაინის თავდაცვის ძალებში მსახურობს.
"დავიდოვ ბროდი დავიბრუნეთ! აქ ახლა ჩვენი დროშაა აღმართული! შევხვდებით მდინარე ინგულეცზე", - წერს ის.
ლოზინსკიმ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ უკრაინის 35-ე ბრიგადის საზღვაო ქვეითებმა სოფელში მდებარე კოშკზე უკრაინის სახელმწიფო დროშა აღმართეს.
აღსანიშნავია, რომ ხერსონის რაიონში მდებარე დავიდოვ ბროდის დაკავებას ოკუპანტები 2 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ცდილობდნენ.
ამ დროისთვის, სოფლის გათავისუფლებაზე უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ. მანამდე, მათ გაავრცელეს ინფორმაცია ხერსონის ოლქში არხანგელსკისა და მიროლიუბოვკას გათავისუფლების შესახებ.
უკრაინის შეიარაღებული ძალები, ბოლო 2 დღის განმავლობაში, ხერსონის ოლქში ინტენსიურ ბრძოლაში არიან ჩართული და გათავისუფლებულ ტერიტორიებზე საკუთარ პოზიციებს ამყარებენ. უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონის მიმართულებით ფრონტის გარღვევაც შეძლეს.
ხერსონის ნაწილში მარცხი რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ცოტა ხნის წინ აღიარა. უწყებაში ამბობენ, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ფრონტის გარღვევა შეძლეს, თუმცა ირწმუნებიან, რომ რუსმა სამხედროებმა მანამდე მომზადებულ ტერიტორიებზე განლაგება მოასწრეს და კონკრეტული მიმართულებებით უკრაინელების იერიშის მოგერიება შეძლეს.