logo
ENG



უმაღლესმა რადამ უკრაინაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა

24 თებ 202200:26
3 წუთის საკითხავი
 
უმაღლესმა რადამ უკრაინაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა

უმაღლესმა რადამ უკრაინაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა. 

გადაწყვეტილებას 335 დეპუტატი მიემხრო. 

საგანგებო მდგომარეობა 24 თებერვალს 00:00 საათიდან, 30 დღით ამოქმედდა მთელ უკრაინაში, გარდა დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებისა, სადაც უკვე მოქმედებს საგანგებო სამართლებრივი რეჟიმი.

იმ ადგილებში, სადაც საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, იმოქმედებს: 

  • შესვლისა და გასვლის სპეციალური რეჟიმი, აგრეთვე გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა (საჭიროების შემთხვევაში);
  • სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის შეზღუდვა და მათი შემოწმება (საჭიროების შემთხვევაში);
  • საზოგადოებრივი წესრიგისა და ობიექტების დაცვის გაძლიერება, რომლებიც უზრუნველყოფენ მოსახლეობის სასიცოცხლო აქტივობასა და სახალხო ეკონომიკას;
  • აკრძალულია მასობრივი ღონისძიებები, გაფიცვები;
  • შესაძლოა, მოხდეს ადამიანების ევაკუაცია სიცოცხლისთვის სახიფათო ადგილებიდან მათთვის სტაციონალური ან დროებითი ფართის სავალდებულო უზრუნველყოფით. 
  • დაწესდა კომენდატის საათი. 
  • დაშვებულია მოქალაქეებისთვის დოკუმენტების შემოწმება, საჭიროების შემთხვევაში კი დოკუმენტების და პირადი ნივთების ჩხრეკა. 

***

UNIAN-ის ცნობით, უკრაინის საზღვრებთან ჯერ კიდევ 200 000-მდე რუსი ჯარისკაცია. მათი რაოდენობა ბოლო რამდენიმე კვირაში კიდევ უფრო გაიზარდა. 

21 თებერვალს ვლადიმირ პუტინმა ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა. რამდენიმე საათში კი დონბასში ჯარების შეყვანის ბრძანება გასცა. რუსეთის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ ბრძანებაში ნათქვამია, რომ ჯარები "მშვიდობის დამყარების მიზნით" შეჰყავთ. 

რუსეთის პასუხად გერმანიამ Nord Stream 2-ის გაზსადენის სერტიფიცირების პროცესი შეაჩერა.  ჩრდილოეთის ნაკადის პროექტს დამატებით სანქციებს უწესებს აშშ. 

თემთა პალატაში დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა რუსეთის მიმართ ახალი სანქციები წარადგინა. სანქციები დაუწესდება 5 რუსულ ბანკს - როსია, IS ბანკი, გენერალური ბანკი, პრომსვიაზბანკი და შავი ზღვის ბანკი. ასევე, სანქციები შეეხო პუტინთან დაახლოებულ სამ ოლიგარქს: გენადი ტიმჩენკოს, ბორის როტენბერგს და იგორ როტენბერგს. 

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი შეათანხმა ევროკავშირმა, რომელიც მათ შორის რუსეთის დუმის 351 დეპუტატსაც შეეხება. აღიარების გამო სანქციები ასევე შეეხება 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს. სანქციები გავრცელდება ბანკებსა და ორგანიზაციებზე, რომლებიც დონბასში რუსულ ოპერაციებს აფინანსებენ.

რუსეთს სანქციები დაუწესა აშშ-მაც. როგორც პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, ეს სანქციების პირველი ნაწილია და თუ რუსეთი გააგრძელებს უკრაინაზე თავდასხმას, ზომები კიდევ უფრო გამკაცრდება. 

სანქციები შეეხება ორ ფინანსურ ინსტიტუტზე - VEB და სამხედრო ბანკს. ასევე შავ სიაში მოხვდებიან რუსული ელიტის წარმომადგენლები და მათი ოჯახის წევრები.

გარდა ამისა, რუსეთს შეეხება კანადის, იაპონიისა და ავსტრალიის სანქციები. 


close დახურვა