logo
ENG



უმეროვი: სამშვიდობო გეგმაზე კონსულტაციებს ამერიკულ მხარესთან შვეიცარიაში გავმართავთ

22 ნოე 202517:12
3 წუთის საკითხავი
 
2025/11/22/pzm4z4orco1e649.jpg

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, რუსტემ უმიეროვმა განაცხადა, რომ ამერიკულ მხარესთან დონალდ ტრამპის გუნდის მიერ მომზადებულ 28-პუნქტიან სამშვიდობო გეგმაზე კონსულტაციები შვეიცარიაში გაიმართება.

მისი თქმით, მომავალი სამშვიდობო შეთანხმების შესაძლო პარამეტრებზე კონსულტაციები უახლოეს დღეებში დაიწყება, თუმცა კონკრეტული თარიღები არ დაუსახელებია.

„უკრაინა ამ პროცესს საკუთარი ინტერესების მკაფიო გაგებით უდგება. ეს არის დიალოგის კიდევ ერთი ეტაპი, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარეობდა და უპირველეს ყოვლისა მიზნად ისახავს ჩვენი ხედვების შეჯერებას შემდეგ ნაბიჯებთან დაკავშირებით.

ჩვენ ვაფასებთ ამერიკული მხარის ჩართულობას და მის მზადყოფნას არსებითი განხილვისთვის. უკრაინა გააგრძელებს პასუხისმგებლობით, პროფესიონალურად და თანმიმდევრულად მოქმედებას – როგორც ამას ჩვენი ეროვნული უსაფრთხოება მოითხოვს", - წერს უმეროვი.

რამდენიმე დღის წინ ამერიკულმა მედიამ გამოაქვეყნა აშშ-ის ახალი სამშვიდობო გეგმის პუნქტების სრული სია, რომელიც განსახილველად უკრაინას გადაეცა.

გავრცელებული ინფორმაციით, გეგმა, სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავს:

უკრაინის მიერ NATO-ში გაწევრიანებაზე უარის თქმას.

რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის, ლუგანსკისა და დონეცკის დე ფაქტო რუსულად აღიარებას.

ხერსონისა და ზაპოროჟიეს (ამჟამინდელი ფრონტის ხაზის გასწვრივ) რუსეთის კონტროლქვეშ აღიარებას.

ტრამპმა უკრაინას 27 ნოემბრამდე მისცა ვადა, რათა დათანხმდეს ამერიკული მხარის მიერ შეთავაზებულ სამშვიდობო გეგმას.


close დახურვა