logo
ENG



უმძიმესი დაზიანებები გარდაცვლილის ცხედარს - შაქარაშვილის საქმეში ახალი მოწმეები გამოჩნდნენ

24 ივნ 202020:32
3 წუთის საკითხავი
 

ახალი დეტალები, გარემოებები და მოწმე ფეხბურთელის სიკვდილის საქმეში, გამოჩნდა ფოტოგრაფი, რომელიც შაქარაშვილთან ერთად არაგვის ხიდთან იმყოფებოდა. მცხეთის პოლიციაში ამ დრომდე მიმდინარეობს რამდენიმე მოწმის გამოკითხვა, სამხარაულის ბიუროში კი უკვე დასრულებულია იმ პირთა ექსპერტიზა, ვინც გარდაცვლილი სპორტსმენის, გიორგი შაქარაშვილის საქმეში ფიგურირებს და ჩხუბში მონაწილეობდა.

სახეზე დაზიანებები აღენიშნება ბიჭს, რომელიც ბოლოს შაქარაშვილთან ერთად მაგისტრალზე იყო, ის მედიის კითხვებს არ პასუხობს, ისევე როგორც საქმის სხვა მოწმეები, რომლებიც პოლიციამ დაკითხა. წვეულებაზე მომხდარი დაპირისპირების შემდეგ გაუჩინარებული 19 წლის ფეხბურთელი ოთხი დღის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს, გარდაცვლილს სხეულზე მძიმე დაზიანებები აქვს.

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ერთ-ერთი მოწმე დეტალებზე არ საუბრობს. მისი ადვოკატი კი ყვება, რომ ვახო ახვლედიანი,რომელიც 19 ივნისის ბურუსით მოცულ ღამეს ნარეკვავიდან თბილისში ჩამოღწევას გიორგი შაქარაშვილთან ერთად ცდილობდა, ნაცემია.  მისი ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი და ფეხბურთელი ერთად მოდიოდნენ არაგვის ხიდზე, როდესაც  მათ მერსედესის მარკის ავტომობილი წამოეწიათ. მანქანაში მყოფი ორი პირი კი ახვლედიანს ლითონის საგნით გაუსწორდა. ადვოკატი ამბობს, რომ ახვლედიანს  რომელსაც დაზიანებები შუბლისა და ცხვირის არეში აქვს მიყენებული, არ დაუნახავს რა მიმართულებით წავიდა  ამ დროს შაქარაშვილი.

ახვლედიანიც და ნარეკვავზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე სხვა პირებიც დღეს მთელი დღის განმავლობაში სამხარაულის საექსპერტო ბიუროში ექსპერტიზაზე იმყოფებოდნენ, თუმცა არცერთი მათგანი მედიასთან კომენტარს არ აკეთებს. საუბარი ამ ეტაპზე არ სურთ ადვოკატებსაც, არ ყვებიან რა შემხებლობაში არიან ფეხბურთელის გარდაცვალებასთან. მათი დაცვის ქვეშ მყოფები მხოლოდ იმას ამბობენ, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობენ.

ექსპერტიზაზე ის მორაგბეებიც იმყოფებოდნენ, რომლებიც  თბილისიდან ნარეკვავის დასახლებაში მყოფმა პირებმა დასახმარებლად ჩაიყვანეს. სწორედ მათ ავტომობილში აღმოჩნდა  ავტომაგისტრალიდან ფეხბურთელის მეგობარი გურამ ამირხანაშვილი, რომელმაც 19 წლის გიორგი შაქარაშვილი ბოლოს ნახა. უცნობია რა ჩვენება მისცა ამირხანაშვილმა გამოძიებას, მედიასთან   მორაგბეები მხოლოდ   ფსიქოლოგიურ ძალადობაში დაადანაშაულა.

გურამ ამირხანაშვილის გარდა,  საქმეში კიდევ ერთი მთავარი მოწმე გამოჩნდა, გაირკვა,რომ  გიორგი შაქარაშვილთან და  ამირხანაშვილთან ერთად ავტო მაგისტრალზე ის  ფოტოგრაფიც  იმყოფებოდა, რომელიც მანამდე ნარეკვავში  წვეულებაზე ფოტოებს იღებდა. „ფორმულას“ ინფორმაციით იმ დროს როდესაც მორაგბეების ავტომობილი გაჩერდა, ფოტოგრაფი გაიქცა და იქვე მყოფ შენობას შეაფარა თავი.

19 წლის ფეხბურთელის ცხედარს კი  პირველადი ექსპერტიზით უმძიმესი დაზიანებები აღენიშნება. შაქარაშვილს თავის ქალის ტრავმა აქვს, სხეულის სხვა მიდამოებში მრავლობითი დაზიანებები. ახლა საბოლოო ექსპერტიზით უნდა დადგინდეს დაზიანებები ფეხბურთელს სიკვდილამდე თუ სიკვდილის შემდეგ აქვს მიღებული.

მოწმეების დაკითხვა მიმდინარეობდა მცხეთის პოლიციაშიც სადაც ერთ-ერთი არასრულწლოვანი დაიკითხა, რომელიც ფეხბურთელთან ერთად ნარეკვავში წვეულებაზე იმყოფებოდა.

19 წლის ფეხბურთელი წვეულების შემდეგ , მეოთხე დღეს მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს. არაერთი საგამოძიებო მოქმედებებისა და 50-ზე მეტი მოწმის დაკითხვის მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკავებული ამ დრომდე არ ჰყავს, უწყება გამოძიებას ორი მუხლით აწარმოებს. ძალადობისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის.

 

 


close დახურვა