უმწვავესი გზავნილი ვაშინგტონიდან. პოლიტიკური დევნისა და ეკონომიკური რეგრესის გამო შეშფოთებული პარტნიორები ქართული ოცნების მთავრობას წერილს უგზავნიან. ოთხი გავლენიანი კონგრესმენის მიმართვის ადრესატი გიორგი გახარიაა.
საზოგადოების უდიდესი ინტერესისა და მედიის მოთხოვნის მიუხედავად, წერილი მთავრობამ მხოლოდ ახლა, რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა.
გაგაცნობთ წერილის შინაარსს:
„ბატონო პრემიერმინისტრო.
ჩვენ კონგრესის წევრები გწერთ, როგორც საქართველოს დასავლური ინტეგრაციისა და დემოკრატიული რეფორმების გზის დიდი ხნის გულშემატკივრები. მაგრამ, როგორც რამდენიმე ჩვენგანმა 13 დეკემბრის წერილში განვაცხადეთ, შეშფოთებულები ვართ გადაწყვეტილებით, უარი თქვათ დაპირებულ დემოკრატიულ რეფორმაზე და მასთან თანმდევ ძალადობაზე მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ. ასევე შეშფოთებულები ვართ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საკითხის პოლიტიზირების გამო.
საქართველო უახლოვდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს ქართული ოცნების ხელმძღვანელობით. ჩვენ მოგიწოდებთ დაიცვათ ამ არჩევნების ლეგიტიმურობა და უზრუნველყოთ მისი დაცვა შიდა და გარე ჩარევებისგან.
თქვენს წერილში 17 დეკემბერს, გვპირდებოდით, რომ 2020 წლის არჩევნები უმაღლესი სტანდარტით ჩატარდებოდა. მიუხედავად ამისა, არსებობს ანგარიშები, რომ ფეისბუკმა დახურა ქართული ოცნების მიერ დაფინანსებული ანგარიშების დიდი ქსელი. უბრალოდ მიუღებელია ის ფაქტი, რომ ეს ანგარიშები როგორც ჩანს ავრცელებდნენ ანტიდემოკრატიულ - ანტიდასავლურ განწყობებს.
დამატებით, ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმ ანგარიშით, რომ ქართული ოცნების მიერ დანიშნული პროკურორები ხელახლა იწყებენ პარტიის ოპონენტების წინააღმდეგ ძველი საქმეების გამოძიებას. მაშინ როდესაც ამ საქმეთა ნაწილს შესაძლოა ჰქონდეს სამართლებრივი საფუძველი, უმეტესობა განიხილება როგორც ოპოზიციური პოლიტიკური ფიგურების, მედია მენეჯერების, საერთაშორისო კორპორაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების წინააღმდეგ მიმართული სვლა.
კანონის უზენაესობის პატივისცემა და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა არის ჯანმრთელი დემოკრატიის გასაღები და ეს უზრუნველყოფს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, რომლის შესახებაც გარანტიები თქვენმა პარტიამ მოგვცა. საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ ჩვენ ვაკვირდებით ქართველი ხალხის სწრაფვას დემოკრატიისა და დასავლეთთან პარტნიორობის გაღრმავებისკენ. მაგრამ, თანამედროვე დემოკრატიული და ეკონომიკური ტენდენციები უარყოფითად აისახება საქართველოს იმიჯზე შეერთებულ შტატებში.
სამწუხაროდ, ეკონომიკური ინდიკატორები აჩვენებს მკვეთრ ვარდნას უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. ამერიკული და ევროპული კომპანიები განიცდიან შევიწროვებებს, რის შედეგადაც ბევრმა საკუთარ ბიზნეს წამოწყებებს გადახედეს. უფრო მეტიც, ქართულმა ოცნებამ პოლიტიკურ სამიზნედ აქცია ამერიკის მიერ მხარდაჭერილი ანაკლიის განვითარების კონსორციუმი რაც ხელს უშლის ამერიკული კომპანიების მხრიდან ინვესტიციების განხორციელებას. შემცირებული უცხოური ინვესტიცია არა მარტო აზარალებს ქართველს ხალხს და მის იმედებს დასავლურ ინსტიტუტებთან ღრმა ინტეგრაციის კუთხით არამედ ამასთან ერთად აძლიერებს ვლადიმერ პუტინის ხელს რეგიონში.
საქართველოს შეუძლია იყოს სასიცოცხლო ჰაბი აშშ-დან და ევროპიდან ცენტრალური აზიისკენ და პირიქით მიმავალი სასაქონლო ტვირთებისთვის, რაც საქართველოს ეკონომიკის წარმატების საწინდარი იქნებოდა. ჩვენ ამ წუხილს გამოვხატავთ იმ იმედით, რომ საქართველოს დემოკრატია გაძლიერდება და ხელს შევუშლით აშშ-ის კონგრესის საქართველოსადმი ორპარტიული მხარდაჭერის უარყოფითისკენ შეცვლას. იმედი გვაქვს, რომ თქვენი მთავრობა იმუშავებს აშშ-ის კონგრესთან, ელჩ კელი დეგნანთან, ევროკავშირთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რათა განამტკიცოს დემოკრატიული ინსტიტუტები და გაზარდოს ეკონომიკური კეთილდღეობა ქართველი ხალხისთვის ისე, რომ საქართველომ შეძლოს მომდევნო ბევრი წლის განმავლობაში აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის გაგრძელდება. ველოდებით თქვენს პასუხს,“ - წერია ამერიკელი კონგრესმენების წერილში.