logo
ENG



უმწვავესი და უპრეცედენტო კრიტიკა კონგრესიდან

29 იან 202020:18
3 წუთის საკითხავი
 

უმწვავესი და მართლაც უპრეცედენტო კრიტიკა კონგრესიდან პირადად ბიძინა ივანიშვილს, ოღონდ ამჯერად არა წერილობითი. პიტ ოლსონმა წარმომადგენელთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას ოლიგარქს პუტინის მარიონეტი უწოდა, რომელიც მდიდრდება ქართველი ხალხის ხარჯზე და შეადარა უჟმურ ოსკარს, პერსონაჟს სეზამის ქუჩიდან, რომელიც ნაგვის ურნაში ცხოვრობს და სიბინძურე უყვარს. ამერიკელი კონგრესმენის განცხადებით, ამ ორ - სატელევიზიო და რეალურ გმირს აერთიანებს ის, რომ ორივე მარიონეტია და საკუთარ სახლებს აოხრებს.

ბიძინა ივანიშვილის მიმართ ამერიკელი კონგრესმენის შეფასება  სახელმწიფო კრიტიკის რანგში აიყვანა მმართველმა გუნდმა და განაცხადა, რომ პარტნიორები ასე არ უნდა ლაპარაკობდნენ. არადა ქართულ ოცნებას შეახსენებენ პოლიტიკური და საექსპერტო წრეებიდან, რომ სწორედ ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის გამო ქვეყანა შესაძლოა, მნიშვნელოვნად დაზარალდეს.   

პრემიერი რომელსაც კონგრესმენებისგან წერილის მიღება აღარ სურს,  5 უმწვავესი გზავნილის ადრესატი  უკვე გახდა. თუმცა ეს შემთხვევა განსაკუთრებულია,  ამჯერად კონგრესმენმა პიტ ოლსონმა განცხადება კონგრესის სხდომაზე გააკეთა. სტრატეგია „ოცნებამაც" შეცვალა. თავდაცვა თავდასხმით სცადა და შეტევაზე გადავიდა. ივანიშვილის თანაგუნდელთა ტონიც და პოზიციაც იდენტურია : კონგრესმენი „ფრონტერას" ლობისტობაში დაადანაშაულებს, იყო მუქარაც რომ ეპისტოლარული ჟანრი საქართველო-ამერიკის ურთიერთობებს დააზიანებს. თუმცა ვინ დაზარალდება რეალურად ? ოცნებას ამაზე საუბარი არ სურს.

„ოცნების" გარდა ყველამ იცის, რომ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის გაფუჭება საქართველოს განვითარებას შეაჩერებს. ანალიტიკოსები, რომლებიც წლებია საერთაშორისო პოლიტიკაზე მუშაობენ, ამბობენ რომ კრიტიკა ასეთი მწვავე არასოდეს ყოფილა. ექპერტები შიშობენ, რომ წერილებსა და განცხადებებს მალე ქმედებებიც მოჰყვება. მათ შორის საუბარია პერსონალურ საქნციებზე. მოლდოველი ოლიგარქის შემდეგ შეზღუდვები შესაძლოა ივანიშვილის წინააღმდეგაც ამოქმედდეს.

ხელისუფლების პოზიცია რომ არასწორია, ამაზე იპსოსის კვლევაც მეტყველებს. გამოკითხულთა 81 პროცენტი ამბობს რომ კრიტიკის იგნორი საქართველოს იმიჯის აზიანებს. თუმცა როგორც ჩანს, „ოცნება" საფრთხეს ჯერ ისევ ვერ აცნობიერებს.... ოპოზიცია ამბობს რომ ხელისუფლებამ რეალობის აღქმის უნარი დაკარგა.

შეშფოთებული კონგრესმენების დათვლის პარალელურად მმართველი გუნდი ოფიციალურ ვიზიტზე მუშაობს. საგანგებო მისიით ივანიშვილი ვაშინგტონში ისევ დეპუტატებს აგზავნის. იხსნის თუ არა საპარლამენტო დელეგაცია „ოცნებას" საერთაშორისო იზოლაციისგან ეს თებერვალში გაირკვევა.

 


close დახურვა