უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს განცხადებით, უნგრეთი არ დაუჭერს მხარს უკრაინის 18 მილიარდი ევროს ღირებულების გრძელვადიან ფინანსური დახმარების გეგმას.
სიიარტო ამბობს, რომ ბუდაპეშტმა უკვე გაუწია უკრაინას მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარება და მზადაა მომავალშიც გააგრძელოს. მისი თქმით, უნგრეთმა დახარჯა ათობით და ასეულობით მილიონი ევრო უკრაინის ჯანდაცვის, განათლების, კულტურისა და ეკლესიების მხარდასაჭერად.
"ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ ფინანსური მხარდაჭერა ორმხრივ საფუძველზე, უკრაინასა და უნგრეთს შორის ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე. მაგრამ ჩვენ ნამდვილად არ დავუჭერთ მხარს ევროკავშირის რაიმე ერთობლივ სესხს ამ სფეროში", - თქვა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ამასთან, სიიარტომ კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ევროკავშირის მხრიდან დაწესებული სანქციები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. ის აღნიშნავს, რომ სანქციები არანაირ ზიანს არ აყენებენ მოსკოვს და ყველაზე მეტად მხოლოდ ევროკავშირის მაცხოვრებლები ზარალდებიან.
Bloomberg-ის ცნობით, ევროკომისია უკრაინას 18 მილიარდი ევროს ფინანსური დახმარების პროგრამას ხვალ წარუდგენს. ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი კი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის 2023 წლის ფინანსური დახმარების გეგმას გააცნობს. დახმარების პროგრამა ითვალისწინებს უკრაინის ბიუჯეტის დაფინანსებას თვეში 1,5 მილიარდ ევრომდე, რაც ჯამში 18 მილიარდ ევრომდეა.