logo
ENG



უსინათლოები უკვე 2 კვირაა, შიმშილობენ

12 ივლ 202213:53
3 წუთის საკითხავი
 

უსინათლოები უკვე 2 კვირაა, შიმშილობენ. 

გიორგი ენუქიძე, ლელა ვეფხვაძე და ცირა ვეფხვაძე ​უნისათლოთა კავშირის ხელმძღვანელის კაბინეტთან, სამდივნოში არიან და სამსახურიდან გათავისუფლებული 13 ადამიანის აღდგენას ითხოვენ, ჯერჯერობით, უშედეგოდ.

გიორგი ენუქიძე, რომელიც კავშირის თავმჯდომარის მოადგილედ 2022 წლის იანვარში 5 წლის ვადით აირჩიეს, სამსახურიდან "შეუძლებლობის" საბაბით გაათავისუფლეს. 28 იანვარს სამსახურიდან გაათავისუფლეს ცირა ვეფხვაძეც, როგორც თავად ამბობს, განსხვავებული აზრის გამო. უსინათლოდა კაშირიდან გათავისუფლებულია ლელა ვეფხვაძეც

გარდა სამსახურში აღდგენისა, მათი მოთხოვნაა უკანონოდ გასხვისებული ქონების თაობაზე დროული და ეფექტიანი გამოძიება და უსინათლოთა კავშირის წესდების ცვლილებაა, რომელიც თავმჯდომარის არჩევის წესს ეხება.

ამასობაში მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება. 

შიმშილობის 2 კვირის განმავლობაში მათთან საჯარო უწყების წარმომადგენლები არ მისულან. 

უსინათლოებმა შიმშილობა მას შემდეგ დაიწყეს, რაც 29 ივნისს ჩაიშალა კავშირში დანიშნული ყრილობა, რომელზეც კავშირის ვადამდელი არჩევნების ჩატარების და თავმჯდომარის არჩევის წესის ცვლილების საკითხი უნდა განხილულიყო. 

"2 კვირის განმავლობაში მხოლოდ ჟურნალისტების განსაკუთრებული სიყვარული იგრძნობა. მაგრამ, არ არის შემხვედრი ნაბიჯები უსინათლოთა კავშირის მხრიდან, არც ხელისუფლებიდან. ჯერჯერობით, გვაქვს ძალა ლაპარაკისაც, სიარულისაც. როდემდე გვეყოფა, არ ვიცი, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლებთ სამართლიანობის აღსადგენად და ღირსების დასაცავად". - ამბობს ცირა ვეფხვაძე.

"ჩვენი გათავისუფლება მოხდა იმის გამო, რომ ხმა ამოვიღეთ და ადამიანს მხარი დავუჭირეთ, ხოლო ქალბატონი ცირა გაათავისუფლეს იმის გამო, რომ მან საწინააღმდეგო აზრი გამოხატა". - თქვა ლელა ვეფხვაძემ. 

ისინი არ გამორიცხავენ, რომ მათი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოშიმშილეთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდოს. გარდა ამისა, დღეს, 12 ივლისს, 20:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციასთან მათი მხარდამჭერი აქცია გაიმართება. 


close დახურვა