logo
ENG



უსუფაშვილი აშშ-ს ელჩის მოადგილესთან შეხვედრაზე: ეს არ არის მოლაპარაკებების განახლება

25 თებ 202023:32
3 წუთის საკითხავი
 

ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ელიზაბეთ რუდთან არაოფიციალურ შეხვედრაზე იმყოფებოდნენ. ოპოზიციის წარმომაგდენლების თქმით, საუბარი პოლიტიკურ საკითხებს შეეხო. თუმცა, არავითარი შეთავაზებები და შეთანხმებები ამ შეხვედრაზე არ ყოფილა. ოპოზიციური პარტიის წევრებმა ასევე აღნიშნეს, რომ  საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილესთან სტუმრობისას ქვეყანაში მიმდინარე პრობლემები განიხილეს. 

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, შეხვედრაზე ზოგად თემებზე იყო მსჯელობა.

„საუბარი იყო პოლიტიკურ თემებზე. არავითარი შეთავაზებები არ მიგვიღია, არავითარი შეთანხმება არ ყოფილა“, - განაცხადა ვაშაძემ.

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრის დავით უსუფაშვილის განცხადებით, შეხვედრა არ ნიშნავს, რომ ოპოზიცია ხელისუფლებასთან საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს გააგრძელებს.

„ეს არის საერთაშორისო საზოგადოების მცდელობა, რომ ჩვენ გვქონდეს არჩევნები და არა გლადიატორების შერკინება. კიდევ ვიმეორებ, ეს არ არის მოლაპარაკებების განახლება, ეს არ არის შეთანხმებისკენ გადადგმული ნაბიჯი“, - განაცხადა უსუფაშვილი.

„დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ კი განაცხადა, რომ ელჩებმა საუბრისას ყურადღება საარჩევნო გარემოს ნორმალიზებაზე გააკეთეს.

„ჩვენი მეგობარი ელჩები და საერთაშორისო თანამეგობრობა, ისევე როგორც თითოეული ჩვენგანი, ვწუხვართ ქვეყანაში არსებულილ პოლიტიკური კრიზის გამო. იყო სურვილი, რომ მოძებნილი იყოს ამ ვითარებიდან, რათა ქვეყანაში ყველა პოლიტიკური ძალა ნორმალურ საარჩევნო გარემოზე გადავიდეს. ამ თვალსაზრისით აზრთ გაცვლა-გამოცვლას ქონდა პოზიტიური მნიშვნელობა“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

შეხვედრის შემდეგ სხვა ოპოზიცონერის ანალოგიური განცხადება გააკეთა პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმაც.

„ეს არ იყო შეხვედრა, რასაც რაიმე ტიპის შეთანხმება შეიძლება შედგეს. წარმოიდგინეთ, არაოფიციალურ გარემოში შეხვედრა, საუბარი სხვადასხვა თემაზე. იქ შეთანხმება და სხვადასხვა მემორანდუმზე ხელის მოწერა არ ხდება. უბრალოდ, ისმენენ ჩვენს მოსაზრებებს თუ რას ვფიქრობთ პოლიტიკოსები“, - აცხადებს ინაშვილი.

შეხვედრას საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირშიც ესწრებოდნენ. ოპოზიციური პარტიების თქმით, საღამოზე იყვნენ არჩილ თალაკვაძე და ირაკლი კობახიძეც, თუმცა მათ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. 

შეგახსენებთ, რომ მმართველმა გუნდმა არ შეასრულა დაპირება და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო, რის შემდეგაც ოპოზიციურმა პარტიებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა დაიწყეს აქციები ერთადერთი მოთხოვნით - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გამართულიყო პროპორციული საარჩევნო სისტემით. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არჩევნები პროპორციული სისტემით არ ჩატარდება და საკითხი განხილვას არ ექვემდებარება. ამავდროულად „ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატები გამოვიდნენ ინიციატივით, რომ შეიცვალოს საარჩევნო სისტემა და ის სრულად მაჟორიტარულზე გადავიდეს. 

დიპლომატიური კორპუსის შუამდგომლობით ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების უკვე 4 შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მმართველმა გუნდმა საკუთარი პოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ მათთვის მისაღები არც ოპოზიციის მიერ შეთავაზებული ე.წ. გერმანული მოდელია და ის კონსტიტუციას არ შეესაბამება.

მეოთხე შეხვედრის დასრულების შემდეგ, მმართველმა გუნდმა ახალი ინიციატივა წარადგინა, რომლის მიხედვითაც ოპოზიციას შერეული სისტემის შენარჩუნებას სთავაზობენ, თუმცა გაზრდილი იქნება პროპორციული მანდატების რაოდენობა, მაჟორიტარულის კი შემცირდება. კერძოდ, მაჟორიტარი დეპუტატების რაოდენობა იქნება 50, ხოლო პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული დეპუტატების რაოდენობა 100. მმართველი გუნდის წევრების თქმით, ეს შეთავაზება საბოლოოა.

ოპოზიციისთვის 100/50-ის სისტემა მიუღებელია. ისინი მოითხოვენ, რომ არჩევნები ან სრულად პროპორციულად, ან ე.წ. გერმანული მოდელით ჩატარდეს. მათი განცხადებით, ეუთო/ოდირის დასკვნის თანახმად, აღნიშნული მოდელი კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოდის.

ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის, საერთაშორისო პარტნიორების მედიატორობით, შეხვედრის მეხუთე რაუნდი, „ფორმულას“ ინფორმაციით, 11 თებერვალს უნდა გამართულიყო.

აღსანიშნავია, რომ მმართველ გუნდს ამერიკელი კონგრესმენები და სენატორები ღიად მოუწოდებენ, რომ შეასრულონ დაპირება და საპარლამენტო არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩაატაროს.

თუმცა, ოპოზიცია მოლაპარაკებათა მაგიდასთან დაბრუნებას არ აპირებს. როგორც ისინი აცხადებენ, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მიმდინარე დიალოგი ხელისუფლებამ მაშინ ჩაშალა, როდესაც, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიგი უგულავა სამწლიან პატიმრობაში გაუშვა. 

ამ საკითხს ხელისუფლების წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ. პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ 2020 წელს არჩევნები 100/50 პროპორციით გაიმართება, 2024 წლისთვის კი საქართველო სრულად პროპორციულ სისტემაზე გადავა. თალაკვაძის თქმით, თუ ოპოზიცია ამ შეთავაზებას არ დათანხმდება, მომავალი არჩევნები კონსტიტუციით გათვალისწინებული კანონით ჩატარდება. 

მმართველმა გუნდმა ოპოზიციურ პარტიებს ინდივიდუალური შეხვედრებიც შესთავაზა. „ქართული ოცნება“ მზადაა პირისპირ შეხვდეს ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიას და 2020 წელს გასამართ საპარლამენტო არჩევნების სისტემაზე ესაუბროს.

 


close დახურვა