თბილისში რუსული ცენტრის გახსნას შვეიცარიის საელჩოს შენობაში არ ადასტურებენ. სააგენტო „სოვა" ფონდ „Русский мир"-ზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ თბილისში რუსული კულტურის ცენტრი გაიხსნა. საიტზე მითითებულია, რომ ცენტრი, თბილისში, რუსეთის საელჩოში ფუნქციონირებს. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში, რუსეთის საელჩო არ ფუნქციონირებს, სავარაუდოდ, იგულისხმება რუსეთის ინტერესების განყოფილების საკონსულო სამსახური შვეიცარიის საელჩოში.
როგორც „ფორმულას“ საელჩოს შენობის დაცვის სამსახურმა განაცხადა ცენტრის შესახებ არ აქვთ ინფორმაცია და მსგავსი ცენტრი რომ გახსნილიყო, აუცილებლად ეცოდინებოდათ. „ფორმულა“ შვეიცარიის საელჩოში რუსეთის სექციის წამრომადგენელსაც ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ მსგავსი ცენტრი არ გახსნილა.
კულტურის ცენტრის შესაძლო გახსნის ფაქტს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ეხმაურებიან. როგორც „შენების მოძრაობის“ თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, თუ ცენტრის გახსნაში ხელისუფლება რაიმე ფორმითაა ჩარეული, ეს უდიდესი შეცდომა იქნება.
„მე თავად მაინტერესებს დეტალები ამაზე. თუ რომელიმე კორპუსში ვინმემ ცენტრი გახსნა, ეს აკრძალული არაა, მაგრამ თუ ხელისუფლება ამ პროცესში რაიმე ფორმითაა ჩარეული, მაშინ ეს უდიდესი შეცდომა იქნება შექმნილ ვითარებაში“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
დეკემბრის დასაწყისში, რუსული კულტურის ცენტრის გახსნა რუსმა დიპლომატმა გრიგორი კარასინმა ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ დააანონსა. თავად აბაშიძე, აღნიშნულს კატეგორიულად უარყოფდა და აცხადებდა, რომ მსგავსი ინიციატივა არ განიხილება.
ცენტრის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ თქვა, რომ ლაპარაკია რუსული ენის შემსწავლელ ცენტრზე.
დღეს გავრცელებული ინფორმაცია კი „ტაბულას“ არ დაუდასტურა ზურაბ აბაშიძემ. მან „ფორმულას“ ზარს არ უპასუხა.
ამ წუთებში საპატრულო პოლიციის რამოდენიმე ეკიპაჟია შვეიცარიის საელჩოსთან შენობასთან მობილიზებული. სავარაუდოდ, ისინი შენობასთან დაგეგმილი აქციის გამო მივიდნენ. სამოქალაქო აქტივისტებმა ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით დღეს აქციის გამართვა დააანონსეს.