„ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეების მიერ გაშენებულ სკვერს ანგრევენ. სამშენებლო კომპანიის წერაქვებით შეიარაღებული მუშები სკვერს თხრიან. ტერიტორიაზე ადგილობრივები და სამშენებლო კომპანიის მიერ დაქირავებული დაცვის თანამშრომლები არიან შეკრებილი.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები მათ სკვერის გაშენების საშუალებას არ აძლევენ.
„ჩვენ შევეცადეთ, ჩვენი შვილებისთვის ალტერნატიული სკვერი შეგვექმნა. სამწუხაროდ, პარტიზანულად მოგვიხადა ამ სკვერის გაშენება. მოვიდნენ ესენი, მოიყვანეს დაცვის სამსახური და რაც გვქონდა ინვენტარი - საქანელა, სკამი, ნაგვის ურნაც კი, აშალეს და გევრდით გადმოდეს“, - განუცხადა „ფორმულას“ ადგილობრივმა ინგა თავაძემ.
„ანა ბაღის“ მცველების ადვოკატის მუხრან ღურწკაიას განცხადებით, მიუხედავად წინააღმდეგობისა, სკვერი მაინც აშენდება.
„ჩვენ ამასთან დაკავშირებით მივმართავთ პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროს. იმიტომ, რომ კონკრეტულმა ადამიანებმა ჩაიდინეს კონკრეტული დანაშაული, რასაც სხვისი ნივთის დაზიანება ქვია. ვაპირებთ ბოლომდე ვიდაოთ და აქ მაინც გავაშენებთ პარკს. ამ ადამიანებს არ მივცემთ უკანონო მშენებლობის დასრულებას“, - განაცხადა ღურწკაიამ.
ვარკეთილში, ანას ბაღის მომიჯნავედ, ადგილობრივმა მოსახლეობამ და „პარტიზანმა მებაღეებმა“ ალტერნატიული სკვერი მოაწყვეს. ადგილზე 150 ძირი ხე დაირგო, ასევე დამონტაჟდა სკამები და ატრაქციონები. სამუშაოები 300-მა მოხალისემ ერთი ღამის განმავლობაში შეასრულა. ნატა ფერაძის თქმით, ეს ყველაფერი მათ 3000 ლარი დაუჯდათ.
ფაქტს თბილისის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მოსახლეობის პროტესტი უსაფუძვლოა და „ანას ბაღს“ საფრთხე არ ემუქრება.
შეგახსენებთ, რომ ანას ბაღის ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობა უკვე რამდენიმე თვეა აპროტესტებს.