logo
ENG



უჩა აბაშიძის სახლში გადაღებულ ვიდეოში შსს-მ Airsoft-ის სათამაშო თოფებიც აჩვენა

10 მაი 202408:41
3 წუთის საკითხავი
 

ვიდეოში, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამხედრო ბლოგერის, უჩა აბაშიძის სახლში გადაიღო და რომელშიც "დიდი რაოდენობით იარაღი" ფიგურირებს, Airsoft-ის სათამაშო თოფები ჩანს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვიდეო ბლოგერის დაკავების შემდეგ გაავრცელა - ხოლო Airsoft-ის სათამაშო თოფები მასში დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლ იარაღად არის ნაჩვენები.

მოგვიანებით, უჩა აბაშიძის დედამ Facebook-ზე დაწერა, რომ მის შვილს სახლში რეალურად 2 ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა და ორივე ოფიციალურად რეგისტრირებული.

"სახლში ამოღებული იარაღი, რასაც შსს გვაჩვენებს, ძირითადად სათამაშო თოფები და პლასტმასის სათამაშო ტყვიებია - იმიტომ რომ სტრაიკბოლს თამაშობს უჩა მთელი ცხოვრება. ამ სურათზე ორი ნამდვილი იარაღია მხოლოდ და ორივე - უჩას სახელზე ოფიციალურად რეგისტრირებული", – დაწერა ბლოგერის დედამ, ლია თოდუამ. 

იურისტი გიორგი მშვენიერაძე უჩა აბაშიძის დაკავებასა და შსს-ს მიერ ვიდეოს გავრცელებას ეხმაურება. მშვენიერაძე ამბობს, რომ უწყების მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს პლასტმასის ტყვიებიც, რომელიც Airsoft-ის სათამაშო იარაღებისთვის არის განკუთვნილი. 

"airsoft ვისაც უთამაშია, ხომ ყველა ხვდება რა არის ფოტოზე? სათამაშო იარაღები, რომლებიც პატარა პლასტმასის ბურთებს ისვრის. ეს ბურთებიც ფოტოზეა, შეკვრებში, შემოხაზულ წრეში. უჩა აბაშიძე ამ კლუბის პრეზიდენტია და ცხადია ბევრი ასეთი სათამაშო ჰქონდა სახლში. მაგრამ ივანიშვილს ჰგონია, რომ მათი ამომრჩეველი და მაყურებელი ჩლუნგია და მოატყუებს. ასე უყურებს ქართველ ხალხს", - წერს გიორგი მშვენიერაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ვიდეო: 


close დახურვა