უცხო ქვეყნის მოქალაქეების მწვანე სტატუსის დასადასტურებლად მათ ქვეყანაში გაცემული შესაბამისი საბუთების წარდგენა საკმარისი იქნება. შესაბამისი ცვლილება საქართველოს მთავრობის დადგენილებაში შევიდა.
დადგენილების თანახმად, რომელსაც ხელს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს, ელექტრონულ პორტალზე - www.covidpass.moh.gov.ge, აპლიკაციაში - CovidPass Georgia და EU Digital COVID Certificate სისტემებში არარეგისტრირებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების მწვანე სტატუსის შემოწმება სტატუსის მიმნიჭებელი ქვეყნის მიერ მინიჭებული QR კოდის ან შესაბამისი ოფიციალური უწყების მიერ გაცემული სრული ვაქცინაციის ან ნეგატიური PCR-ტესტის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე მოხდება.
როგორც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, გადაწყვეტილების მიზანია, უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა საკუთარ ქვეყანაში გაცემული საბუთით, დაუბრკოლებლად შეძლონ მწვანე სტატუსით სარგებლობა.
დადგენილებაში განხორციელებული ცვლილება უკვე ძალაშია.
საქართველოში მწვანე პასპორტის კონცეფცია 1-ლი დეკემრიდან ამოქმედდა.