logo
ENG



უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად ახალი ავიარეისები დაინიშნა

06 აპრ 202012:53
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, სხვადასხვა ქვეყნებიდან დანიშნულია 10-მდე სპეციალური რეისია და ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება.

„ჩვენ უკვე განვახორციელეთ რამდნიმე რეისი ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზებთან“ ერთად და ვმუშაობთ ასევე შემდგომ ეტაპობრივ გამოყვანაზე ჩვენი მოქალაქეების. უახლოესი ფრენების განრიგი არის შემდეგი: 7 აპრილს განხორციელდება ფრენა თბილისი-ათენის მიმართულებით, 10 აპრილს თბილისი-ლარნაკას მიმართულებით, 12 აპრილს თბილისი-ბერლინი თბილისის მიმართულებით, 14 აპრილს თბილისი-ამსტერდამი-თბილისის მიმართულებით. ეს არის ის რეისები, რომლებიც იყო უკვე დაანონსებული და რომელზეც დაიწყება ორი დღით ადრე ბილეთების გაყიდვა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წესების შესაბამისად. ჩვენ ამ მიმართულებებიდან ეტაპობრივად დავაბრუნებთ მოქალაქეებს. ასევე  შეგახსენებთ, 16 აპრილს განხორციელდება რეისი თბილისი-პარიზი-თბილისი, 16 აპრილს თბილისი-თელავივი-თბილისი და 21 აპრილს თბილისი-რომი-თბილისი.

"ასევე, დღევანდელი ჩვენი კონსტულტაციების შედეგად გადაწყდა, რომ კიდევ ორი ახალი მიმართულება დაემატება და 24 აპრილს და 27 აპრილს, განხორციელდება ფრენები თბილისი-ბარსელონა-თბილისის მიმართულებით, ასევე თბილისი-ვარშავა-თბილისის მიმართულებით. დღეისათვის უკვე 5 ათასამდე საქართველოს მოქალაქეა დაბრუნებული და ეს პროცესი გაგრძელდება“, - განაცხადა ზალკალიანმა.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ შეთავაზებას უკრაინული ავიაკომპანიის მიერ საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში დაბრუნებასთან დაკავშირებით, ზალკალიანმა აღნიშნა, რომ „თუ ვინმეს დახმარებას სურს, შეუძლია თანხა კორონავირუსთან ბრძოლისთვის შექმნილ ფონდში ჩარიცხოს“.

„ჩვენ ყველა იმ მიმართულებაზე, რომელიც იყო შემოთავაზებული, გვაქვს უკვე ფრენები და რეისები. ჩვენ თანმიმდევრულად ვახდენთ მოქალაქეების დაბრუნებას. თუკი რაიმე სახის ინიციატივები არსებობს, არის ამისთვის შესაბამისი ფონდი და ვისაც აქვს სურვილი შეუძლია ამ ფონდში ჩარიცხოს და ყველა რეისი და ფრენა იქნება დაგეგმილი“, - აღნიშნა მინისტრმა. 


close დახურვა