logo
ENG



უძრავი ქონების გაყიდვები განულებულია, დეველოპერები ფასის კლებას არ გეგმავენ

06 მაი 202012:31
3 წუთის საკითხავი
 
48n4io6sbwny2lz.png

სამშენებლო სექტორი რეალიზაციის 30-40 პროცენტიან შემცირებას ელის. როგორც დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, პანდემიის ფონზე, უძრავი ქონების გაყიდვები, ფაქტობრივად, განულებულია. თუმცა, ამის მიუხედავად, პოსტკრიზისულ პერიოდში, დეველოპერები ბინების გაიაფებას მაინც არ გეგმავენ. მიზეზი ლარის გაუფასურების ფონზე, გაძვირებული სამშენებლო მასალებია.

„შოკური მდგომარეობიდან გამოსვლას ბაზარი ახლა იწყებს. მომხმარებლის ახალი ქცევის ჩამოყალიბებას მომდევნო ორი თვის განმავლობაში ვვარაუდობთ. მყიდველი გარკვეული პერიოდი შეყოვნდება, დაელოდება სიტუაციის დასტაბილურებას და უძრავ ქონებას შემდეგ იყიდის. შესაბამისად, მოკლევადიან პერიოდში გაყიდვები აღდგება. შესაძლოა, პირველ ეტაპზე, კომპანიებმა გარკვეული ფასდაკლებები ან აქციები დაგეგმონ. თუმცა გრძელვადიან პერიოდში ფასების კლებას არ ველოდებით“, - განაცხადა „არსის“ დირექტორმა ბესო ორთოიძემ „ბიზნეს ფორმულასთან“ საუბრისას.

ამასთან, იმისთვის, რომ სექტორმა 2008 წლის მსგავსი კრიზისი თავიდან აიცილოს, დეველოპერული კომპანიები მთავრობის მხრიდან ხელშეწყობის საჭიროებაზე საუბრობენ. მათ მაქსიმალურად ნაკლები ბიუროკრატია, საბანკო შეღავათები და მომხმარებლისთვის იპოთეკურ სესხებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა სჭირდებათ.

შეგახსენებთ, 11 მაისის ნაცვლად, სამშენებლო კომპანიებს და მათთან სხვადასხვა სახით დაკავშირებულ ბიზნესებს მუშაობის აღდგენის უფლება, დაახლოებით, ერთ თვიანი პაუზის შემდეგ, 5 მაისიდან მიეცათ.

 

 


close დახურვა