logo
ENG



უხანიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქე მაღალი ტემპერატურით ინფექციურში გადაიყვანეს

30 იან 202020:10
3 წუთის საკითხავი
 

უხანიდან ჩამოსული ახალგაზრდა ქალი და მისი მცირეწლოვანი შვილი ინფექციურ კლინიკაში პირდაპირ აეროპორტიდან წაიყვანეს. ჩინეთის ეპიდემიის ზონა დედა-შვილმა  13 დღის წინ  დატოვა, თბილისში  კი დუბაის გავლით ტრანზიტული რეისით ჩამოვიდა. სკრინინგმა ახალგაზრდა ქალს ცხელება დაუდგინა, რის შემდეგაც  ის აეროპორტიდან  დაავადებათა კონტროლის ცენტრის სპეციალისტთა ჯგუფმა გადმოიყვანა

ახალგაზრდა ქალს პირველადი კვლევები უტარდება, ბიოლოგიური მასალა კი ვირუსის შტამის დასადგენად ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნა, თუმცა საქართველოში, მათ შორის არც ამ ცენტრში,  საშიში ვირუსის კონკრეტული შტამის რეაგინტი ამ დრომდე არ აქვს.

გარდა ამისა, ინფექციურ საავადმყოფოში ამ დრომდე კვლევები უტარდებათ ჩინელ ბავშვებს, რომლებიც კლინიკაში გუდაურიდან ჩამოიყვანეს. ჩინელი ტურისტების 9-კაციანი ჯგუფი საქართველოში 25 იანვარს ბაქოს გავლით ჩამოვიდა, ბოლო სამი დღეა  ტყუპებს მაღალი სიცხე  აქვთ, თუმცა თბილისში ისინი დღეს გადმოიყვანეს. აქვე მკურნალობას გადის 24 წლის ქართველი ახალგაზრდა, რომელიც ჩინეთში სამუშაოდ იყო წასული და თბილისში მაღალი ტემპერატურით დაბრუნდა.

ექიმები ამტკიცებენ, რომ ჩატარებული პირველადი კვლევებით ბავშვებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ და მათ გრიპის A ტიპის ვირუსი აქვთ. ამ დასკვნას მხოლოდ იმის საფუძველზე აკეთებენ, რომ მცირეწლოვანებს არ გამოუვლინდათ პნევმონია, რაც საშიში კორონავირუსის პირველ ნიშნად მიიჩნევა. ვირუსის შტამის დასადგენად ლაბორატორიას 24 საათი სჭირდება, თუმცა საქართველოს შემთხვევაში დადასტურებით ვერავინ იტყვის გამოუვლინდება თუ არა რისკ-ჯგუფის პაციენტს კორონავირუსი

ამის მიუხედავად, საქართველოს სახელმწიფო უწყებები გვარწმუნებენ, რომ ეპიდემიის თავიდან ასაცილებლად ქვეყანაში საგანგებო ზომები უკვე მიღებულია. ჩინეთიდან შეწყდა პირდაპირი ფრენები და შეიზღუდა ცოცხალი ცხოველების შემოყვანა, თუმცა სურსათის იმპორტზე აკრძალვა არ დაწესებულა.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს ელოდება. საგანგებო სხდომა ჟენევაში დღეს იმართება.

 

 

 


close დახურვა