logo
ENG



უხასიათო ოსკარი, სეზამის ქუჩიდან - კონგრესის ტრიბუნიდან ივანიშვილი გააკრიტიკეს

29 იან 202011:55
3 წუთის საკითხავი
 

ვლადიმერ პუტინის მარიონეტი და „უხასიათო ოსკარი“- სეზამის ქუჩიდან. ასეთი ეპითეტებით მოიხსენია ბიძინა ივანიშვილი ამერიკელმა კონგრესმენმა პიტ ოლსონმა წარმომადგენელთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას. სხდომათა დარბაზში მან საქართველოში აქციის დროს გადაღებული ფოტოც გამოფინა. კონგრესმენმა კოლეგებს მოუწოდა ხმა აიმაღლონ, რადგან საქართველოში თავისუფლებას საფრთხე ემუქრება. 

„ქალბატონო სპიკერო, შეკითხვა მაქვს: რა საერთო აქვთ სეზამის ქუჩის „უხასიათო ოსკარს“ და საქართველოს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს? პასუხი არის ის, რომ ორივე მარიონეტია, რომელიც საკუთარ სახლს ანაგვიანებს. ვლადიმირ პუტინის მარიონეტი თავს დაესხა საქართველოში უცხოურ ინვესტიციას და ადამიანის ძირითადი უფლებები გაანადგურა. კომპანია ტეხასიდან, „ფრონტერა რისორსის“, მრავალი წლის განმავლობაში აწარმოებს საქართველოში მოპოვებით სამუშაოებს. მათ შექმნეს უამრავი სამუშაო ადგილი ამერიკასა და საქართველოში და ხელს უწყობდნენ თავისუფლებას. ეს იყო იქამდე, ვიდრე მთავრობა გადაიბარებდა მათ სამუშაოებს და აღჭურვილობას. ახლა ისინი საქართველოში აღარც ერთ ჭაბურღილს ბურღავენ. რა თქმა უნდა, ვლადიმირ პუტინი ბედნიერია, საქართველოს ნავთობი გააკონტროლოს. ეს მარიონეტი ოლიგარქი ივანიშვილი კი ქართველი ხალხის ხარჯზე მდიდრდება. გამოფხიზლების დროა, ეს ფოტო გვიჩვენებს, რომ ქართველ დემონსტრანტებს ჩვენი მხარდაჭერა სჭრიდებათ. შემომიერთდით, ხმა ავიმაღლოთ საქართველოში თავისუფლებისთვის“, - აცხადებს კონგრესმენი პიტ ოლსონი

კონგრესმენების მწვავე კრიტიკის შესახებ საქართველოს ელჩმა შეერთებულ შტატებში, ინტერვიუ მისცა იმედს და თქვა, რომ კონგრესმენების ტონი საქართველოს პრემიერმინისტრთან მიმართებით აბსოლუტურად მიუღებელია. ბაქრაძის ამ განცხადებას თბილისში კრიტიკა მოჰყვა. ჩვენ დღეს ვთხოვეთ ქართველ დიპლომატს განემარტა მისი პოზიცია, თუმცა ელჩმა ამ თემაზე ჩვენთან დეტალურად საუბარი აღარ ისურვა.  

შეერთებულ შტატებსა და ევროპაში დაწყებული მწვავე კრიტიკის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე, დენიელ ფრიდი იმაზე საუბრობს, იზიარებს თუ არა, მმართველი პარტიის პოზიციას, რომ დასავლურ დედაქალაქებში დაწყებული კრიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კომუნიკაციის ნაკლებობაა. ფრიდი ამბობს, რომ კრიტიკას საფუძველი აქვს.  

„სრულად არ ვიზიარებ. ვფიქრობ, წუხილი რეალურია. საქართველოში ახლახანს ვიყავი და მესმის ამის საფუძველი. საქართველოს მთავრობამ და ოპოზიციამ უნდა წარმოადგინონ თავიანთი არგუმენტები და ამერიკელებმა დაფიქრების გარეშე, 100%-ით არავის არგუმენტები არ უნდა მიიღონ. ჩვენ, ამერიკელებმა ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ,“ - აცხადებს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე დენიელ ფრიდი.

დენიელ ფრიდი თვლის, რომ ვაშინგტონმა, რომელიმე პოზიციასთან მიმხრობის გარეშე, სრული სურათი უნდა დაინახოს, რაც ხდება საქართველოში. ამასთან ის განმარტავს, რომ კონგრესის კრიტიკის იგნორირება არ შეიძლება, რადგან საქართველოს მხარდაჭერაში კონგრესი კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს ასრულებს.   

შეერთებულ შტატებში კონგრესში დაწყებულ კრიტიკას ბევრი ანალიტიკოსი გამოეხმაურა. მათ შეაფასეს როგორც საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრების, ასევე სხვა კონგრესმენების განცხადებები და წერილები. ასევე კრიტიკა ევროპიდან. ანალიტიკოსები ურჩევენ „ქართულმა ოცნებას“ დასავლეთში დაწყებულ მზარდ წუხილს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს.


close დახურვა