გერმანიის ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მარკუს ფაბერის განცხადებით, ის "ვერ ხედავს პრობლემას" უკრაინელების მიერ გერმანიის მხრიდან გადაცემული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენებაში. ამის შესახებ მან გამოცემა Berliner Morgenpost-თან ისაუბრა.
მისი თქმით, როდესაც იარაღი უკრაინას გადაეცემა, კიევს ეძლევა სრული თავისუფლება საკუთარი შეხედულებისამებრ გამოიყენოს აღნიშნული აღჭურვილობა.
"როდესაც იარაღი გადადის უკრაინაში, ის ხდება უკრაინული იარაღი. ეს ეხება ყველა მასალას, მათ შორის Leopard-2. უკრაინაზე რუსეთის მიერ თავდასხმის გამო, ორივე სახელმწიფოს ტერიტორია ომის ზონას წარმოადგენს. იარაღის გამოყენება ექვემდებარება საერთაშორისო სამართლის დებულებებს", - თქვა ფაბერმა.
***
რუსული პროპაგანდისტული და სამხედრო ტელეგრამ არხები წერენ, რომ 7 აგვისტოს ღამეს უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის კურსკის ოლქში შევიდნენ და სასაზღვრო ზონაში გამაგრდნენ. უკრაინული მხარე კურსკის ოლქში განვითარებული მოვლენების შესახებ ჯერ არაფერს ამბობს.
პირველი ცალკეული შეტყობინებები იმის შესახებ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები კურსკის ოლქში გადავიდნენ 6 აგვისტოს გაჩნდა.
კურსკის ოლქის ხელმძღვანელმა ალექსეი სმირნოვმა 7 აგვისტოს დილით განაცხადა, რომ რეგიონი "გმირულად ეწინააღმდეგება უკრაინელ ნაცისტებს".
6 აგვისტოს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ სასაზღვრო რაიონის დასახლებებს ნიკოლაევო-დარინოსა და ოლეშნიას უკრაინის შეიარაღებული ძალების 300 სამხედრო დაესხა თავს, 11 ტანკისა და 20-მდე სამხედრო მანქანის დახმარებით. უწყებაში განაცხადეს, რომ ბრძოლების შედეგად უკრაინის 16 ერთეული ჯავშანტექნიკა გაანადგურეს. ამავე დღეს საღამოს კი სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინულმა დანაყოფმა, რომელიც კურსკის ოლქში შეჭრას ცდილობდა, უკან დაიხია. მოგვიანებით ეს განცხადება წაიშალა.
უკვე 7 აგვისტოს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ღამით რუსმა სამხედროებმა უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურებთან ერთად "განაგრძეს უკრაინის შეიარაღებული ფორმირებების განადგურება, რომლებიც უშუალოდ რუსეთი-უკრაინის საზღვარზე მიმდებარედ იყვნენ".