ფაიზერის ვაქცინის მეორე დოზაზე რეგისტრაცია დღეს დაიწყება.
როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს, რომ მოქალაქეებს ფაიზერის მეორე დოზის მიღება შეუძლიათ მხოლოდ იმ დაწესებულებებში, სადაც პირველად გაიკეთეს აცრა.
"ფაიზერის მეორე დოზაზე რეგისტრაცია გაიხსნება დღეს, დღის ბოლოდან. მეორე დოზა მოქალაქეს შეუძლია ჩაიტაროს მხოლოდ იქ, სადაც ჩაიტარა პირველი დოზა. თხოვნაა, ეს პროცედურები იყოს დაცული. დღეს გაიხსნება რეგისტრაცია და მიიღებენ შეტყობინებებს", - ამბობს გაბუნია.
საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყო.
საქართველომ ფაიზერის ვაქცინის პირველი პარტია 25 მარტს მიიღო. რაც შეეხება ასტრაზენეკას ვაქცინას, ქვეყანაში ის 13 მარტს შემოვიდა.
3 აპრილს საქართველომ ასევე ჩინური წარმოების ვაქცინის, სინოფარმის 100 000 დოზა მიიღო.
ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ მისი გამოყენება იქამდე არ დაიწყებოდა, სანამ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ლიცენზიას არ მიიღებდა, თუმცა დღეს, 16 აპრილს თამარ გაბუნიამ თქვა, რომ დღევანდელი ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით აუცილებელია საქართველოში ჩინური ვაქცინის გამოყენება.
გაბუნიას თქმით, თუ აპრილის ბოლოს სინოფარის სრული აღიარება არ მოხდა, ამან ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი არ უნდა შეაფერხოს.