logo
ENG



ფაილები: პუტინზე კრიტიკული ფეისბუქპოსტის გამო მუჯირმა და ჭუაძემ კაცს სტიქარის გახდა მოსთხოვეს

17 სექ 202109:15
3 წუთის საკითხავი
 
ფაილები: პუტინზე კრიტიკული ფეისბუქპოსტის გამო მუჯირმა და ჭუაძემ კაცს სტიქარის გახდა მოსთხოვეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფაილებიდან იკვეთება, რომ სოციალურ ქსელში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის კრიტიკის გამო პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ, შიო მუჯირმა და მიტროპოლიტმა თეოდორე ჭუაძემ პირს სტიქარის გახდა მოსთხოვეს.

როგორც სუს-ის დოკუმენტებიდან იკვეთება შემთხვევა 2019 წელს მოხდა. გარდა ამისა, გაშიფრული საუბრებიდან ჩანს, რომ აღნიშნული პოსტის გამო, სავარაუდოდ, პრობლემები შეექმნა მის ძმასაც, რომელიც თავდაცვის სამინისტროში სამსახურიდან გაათავისუფლეს.

"[08.07.19, 19:28:10]: სამების საკათედრო ტაძრის სტიქაროსანმა ქორეპისკოპოს იაკობ იაკობიშვილთან დაიჩივლა, რომ ფეისბუქის პირად გვერდზე რუსეთის პრეზიდენტის მისამართით გაკეთებული კრიტიკული განცხადების გამო, მღვდელმთავრებმა შიო მუჯირმა და თეოდორე ჭუაძემ მოსთხოვეს სტიქარის გახდა.

აღნიშნულზე ი. იაკობიშვილმა (იმყოფება არაფხიზელ მდგომარეობაში) განაცხადა - "გავარტყი პუტინსაც და მაგათ ორივეს, მე გაძლევ კურთხევას სტიქარის ჩაცმაზე, ეგენი მე კითხვის დასმას ვერ გამიბედავენ".

ოქტომბრით დათარიღებულ ჩანაწერებში ვკითხულობთ, რომ სტიქაროსნის ძმა თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი სამმართველოდან გაათავისუფლეს. პირმა დახმარებისთვის დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს, ანზორ ჩუბინიძეს მიმართა და სთხოვა, რომ ძმისთვის სამსახურის შესანარჩუნებლად უშუამდგომლოს თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან, რაზეც ჩუბინიძემ თანხმობა განუცხადა. მომდევნო ჩანაწერი უკვე 2020 წლის ივლისს არის გაკეთებული.

"მისი ძმა კახაბერ ჭიქინაშვილი, რომელიც მუშაობდა თავდაცვის სამინისტროში, პატრიარქის თანაშემწის, არქიმანდრიტ დავით ჭინჭარაულის, ელიას მთაზე მდებარე წმინდა ელია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძრის წინამძღვრის, არქიმანდრიტ იონა მაისურაძის და თავად ჩუბინიძის თხოვნის მიუხედავად, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და მისმა მოადგილემ დავით სუჯაშვილმა მაინც გაათავისუფლეს სამსახურიდან, იმ მიზეზით, რომ მან ფეისბუქზე გამოაქვეყნა ხელისუფლების საწინააღმდეგო სტატუსები. მან ასევე განაცხადა, რომ ჩუბინიძის თხოვნის გამო, თავს იკავებს აღნიშნული ფაქტის გასაჯაროებისგან, თუმცა საჭიროების შემთხვევაში მზად არის ჟურნალისტებთან ისაუბროს დეტალურად და განაცხადოს, რომ მისი ძმა სამსახურიდან გაათავისუფლეს პოლიტიკური ნიშნით".


close დახურვა