ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია აღნიშნავს, რომ თურქეთის ბაზრიდან გარკვეული მედიკამენტების მოწოდებასთან დაკავშირებით შეფერხებებია - მათი თქმით, მიწოდების შეზღუდვა თურქი მომწოდებლების მხრიდან გამომდინარეობს და ადგილობრივ კომპანიებთან კავშირი არ აქვს.
"მსგავსი რეჟიმით ახალი ბაზრების გახსნას, დიდ მოლოდინებთან ერთად, ასევე ახლავს თანმდევი გამოწვევები, რაც გამოიხატება უწყვეტი მიწოდების პირობებისა და ჯაჭვის გამართვაში. ასოციაციის წევრი კომპანიების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ვაცხადებთ, რომ შეიქმნა გარკვეულ მედიკამენტებზე, როგორც ასორტიმენტის, ასევე რაოდენობის მხრივ, მოწოდების შეზღუდვა თურქი მომწოდებლების მხრიდან, რაც გარკვეული პერიოდის შემდგომ აისახება ადგილობრივ ბაზარზე", - აღნიშნულია განცხადებაში.
ასოციაცია მოქალაქეებს თხოვნით მიმართავს, გაგებით მოეკიდონ ამ ფაქტს, რადგან შექმნილი ვითარება ადგილობრივ კომპანიებზე არ არის დამოკიდებული. ამასთან, ასოციაცია მიმართავს შესაბამის მარეგულირებელსა თუ ინსტიტუტებს, ეს ინფორმაცია არ გამოიყენონ მათი მხრიდან სექტორის უმიზეზო ბრალდებისთვის, როგორიცაა "საბოტაჟი თუ ხელოვნური დეფიციტის შექმნა".
მათივე განცხადებით, კომპანიებს დაუწესდათ ვალდებულება ინფორმაციის ჯანდაცვის სამინისტროსთვის გაზიარების თაობაზე, მაგრამ სექტორისთვის არ იყო შემუშავებული და შეთავაზებული უნივერსალური პროგრამა.
"მიუხედავად ბიზნესის დაჟინებული მოთხოვნისა და მცდელობისა, რომ მოხდეს გონივრულ ვადებში და სწორი მეთოდით პროექტის გაშვება, მაკონტროლებლის მხრიდან არაა უზრუნველყოფილი სათანადოდ უნივერსალური ტექნიკური ბაზა ამ პროცესების გამართულად ასამუშავებლად", - აღნიშნულია განცხადებაში.
ასოციაცია აღნიშნავს, რომ რეალურად არსებული პრობლემების იგნორირებით ხდება მეწარმეებისთვის გამაფრთხილებელი ოქმების გამოწერა, რაც უკვე საჯარიმო სანქციების წინაპირობაა. ისინი სამწუხაროს უწოდებენ, რომ "მარეგულირებელი უკვე იღებს დამსჯელობითი ორგანოს ფორმას", რაც მათი თქმით, საბოლოოდ მოსახლეობისთვის და ამ სფეროში დასაქმებული პირებისთვის პირდაპირი ზიანის მიღების პირობა გახდება.