logo
ENG



ფაშინიანი: აზერბაიჯანთან არავითარი დოკუმენტი არაა ხელმოწერილი და არ მზადდება ხელმოწერისთვის

14 სექ 202223:18
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/14/bnizhecikkh9g8b.jpg

სომხეთის მმართველ პარტიაში უარყოფენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ არსებობს დოკუმენტი, რომელსაც ბოლო ესკალაციის ფონზე სომხეთმა აზერბაიჯანთან ხელი უნდა მოაწეროს. ერევანში პარლამენტთან მოქალაქეები არიან შეკრებილები და პრემიერმინისტრის გადადგომას მოითხოვენ.

რადიო თავისუფლების ერევნის ბიუროს ინფორმაციით, სამთავრობო საათის ფარგლებში ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა: "საკუთარ თავზე ავიღე პასუხისმგებლობა რთული გადაწყვეტილებები მივიღო მშვიდობისთვის, მაგრამ რთული გადაწყვეტილებები არ ნიშნავს გადაწყვეტილებებს სომხეთის სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ. ჩვენ გვსურს ხელი მოვაწეროთ ისეთ დოკუმენტს, რომლის ხელმოწერის დროსაც, შესაძლოა, ბევრმა გაგვაკრიტიკოს, მოღალატე დაგვიძახოს, ხალხმა შესაძლოა გადაწყვიტოს ჩვენი ხელისუფლებიდან ჩამოშორებაც, მაგრამ ჩვენ მაინც მადლიერები ვიქნებით, თუ ამის შედეგად სომხეთის რესპუბლიკა მყარ მშვიდობასა და უსაფრთხოებას მიიღებს 29,8 ათას კვადრატულ კილომეტრზე".

მოგვიანებით ფეისბუქლაივის დროს ფაშინიანი აცხადებდა, რომ ასეთი დოკუმენტი არ არსებობს: "არავითარი დოკუმენტი ხელმოწერილი არაა და არ მზადდება ხელმოწერისთვის. ეს არის ინფორმაციული დივერსია, რომელიც მომართულია არამეგობრული გარე ძალების მიერ ქვეყნის წინააღმდეგობის გასატეხად".

თავის მხრივ პარლამენტის სპიკერმა განაცხადა, რომ ფაშინიანის გამოსვლა ეხებოდა იმას, რომ არავინ არ თმობს აღნიშნულ ტერიტორიას და ის სომხეთს ეკუთვნის, ამასთან, საუბარი არ ეხებოდა მთიან ყარაბაღს.

"სომხეთის ტერიტორია ჩვენთვის წითელი ხაზია, უნდა ვიბრძოლოთ ამ ტერიტორიისთვის, ჩვენ არ ვმონაწილეობთ მოლაპარაკებებში დერეფანზე [...] ისეთი არავითარი დოკუმენტი არ არსებობს, ძალიან გვინდა არსებობდეს დოკუმენტი, რომელიც განამტკიცებს უსაფრთხოებასა და მშვიდობას სომხეთის რესპუბლიკის 29,8 ათას კვადრატულ კილომეტრზე", - თქვა სპიკერმა ალენ სიმონიანმა.


close დახურვა