სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, უზრუნველყოს, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში თურქეთი არ ჩაერთოს.
ფაშინიანმა განაცხადა, რომ თურქეთის ქმედებას შესაძლოა დესტრუქციული შედეგები მოჰყვეს სამხრეთ კავკასიისა და მეზობელი რეგიონებისთვის.
დღეს თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი, როგორც ყოველთვის, აზერბაიჯანის გვერდით დგას.
მისი თქმით, სომხეთმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას ხელს უშლის.
მთიან ყარაბაღში კონფლიქტი დღეს, 27 სექტემბერს გამწვავდა.
სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანმა სამხედრო იერიში მიიტანა. გამოცხადდა საომარი მდგომარეობა და საყოველთაო სამხედრო მობილიზაცია.
სომხეთის პრემიერმინისტრის პრესმდივნის თქმით, დაიბომბა სოფლები და ქალაქი სტეფანაკერტი. სამხედრო იერიშს ორი ადამიანი ემსხვერპლა. კიდევ 2 ადამიანი დაიჭრა.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ კი განაცხადა, რომ საბრძოლო ოპერაციების შედეგად მათ ყარაბაღის სოფლები და სტრატეგიული ადგილები დაიკავეს.
ოფიციალური აზერბაიჯანი კონფლიქტის გაღვივებაზე მთელი პასუხისმგებლობას სომხეთს აკისრებს.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალივვს თქმით, სომხეთს აზერბაიჯანის მიწების მითვისება სურს და ამას არც მალავს. ალიევი სომხეთს ადანაშაულებს მოლაპარაკებების შეწყვეტასა და პროვოკაციებში.
სომხეთისა და აზერბაიჯანს შორის ვითარება 2020 წლის ივლისშიც გამწვავდა. სამხედრო კონფლიქტი მაშინ არა ყარაბაღში, არამედ ტავუშისა და ტოვუზის რეგიონებს შორის მდებარე საზღვართან მოხდა. დაპირისპირების შედეგად, სულ მცირე, 16 ადამიანი დაიღუპა.