სომხეთის პრემიერმინისტრის პრესმდივნის, შუშან სტეფანიანის თქმით, ბრძოლის შეწყვეტასთან დაკავშირებით საერთაშორისო მოწოდებების შემდეგ, მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე შედარებით მშვიდობიანი ღამე იყო.
მისი განცხადებით, კონფლიქტის ესკალაციის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა მთლიანად აზერბაიჯანის ხელისუფლებას დაეკისრება.
გუშინ, 5 ოქტომბერს შუშან სტეფანიანმა დაწერა, რომ საბრძოლო მოქმედებების შედეგად სომხურმა მხარემ აზერბაიჯანული ქვედანაყოფი თითქმის მთლიანად გაანადგურა, დაიღუპა 200-ზე მეტი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი. მისი განცხადებით, დანარჩენებმა თავს გაქცევით უშველეს.
სტეფანიანის თქმით, მათ ტაქტიკას მიმართეს - შექმნეს განცდა, რომ ტერიტორიები მიატოვეს და მაშინ, როცა აზერბაიჯანულმა მხარემ ამ ადგილების დაკავება სცადა, ისინი ალყაში მოაქციეს.
თავის მხრივ, აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი ამბობს, რომ 5 ოქტომბერს აზერბაიჯანმა დაიკავა სოფლები: შიხალი გალი, სარიჯალი, ჯებრაილის რაიონის მაზრა და რამდენიმე სტრატეგიული სიმაღლე.
მთიან ყარაბაღში კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა. მას შემდეგ რეგიონში საბრძოლო მოქმედებები არ შეწყვეტილა.