სომხეთის პრემიერმინისტრის სპიკერის, შუშან სტეფანიანის ცნობით, მთიან ყარაბაღში მთელი ღამის განმავლობაში ბრძოლა სხვადასხვა ინტენსივობით მიმდინარეობდა, გამთენიისას კი აზერბაიჯანმა შეტევა ცეცხლსასროლი იარაღით და მძიმე სამხედრო ტექნიკით განაახლა.
სტეფანიანი აცხადებს, რომ "სომხური ქვედანაყოფები წინააღმდეგობას უწევენ აზერბაიჯანს და რომ მათი ქმედებების შედეგად მტრის ჯარმა და აღჭურვილობამ მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადა".
ამ ეტაპზე უცნობია გარდაცვლილთა რიცხვი. 27 სექტემბრის საღამოს მონაცემებით, მთიან ყარაბაღში შეტაკებების შედეგად, სულ მცირე, 16 ჯარისკაცი დაიღუპა. დაღუპულთა შორის არიან მშვიდობიანი მოქალაქეებიც.
თავის მხრივ, აზერბაიჯანი ამტკიცებს, რომ მათ ყარაბაღის რამდენიმე სოფელი აიღეს და რომ აზერბაიჯანელი ჯარისკაცები ვითარებას სრულად აკონტროლებენ.
მთიან ყარაბაღში კონფლიქტი გუშინ, 27 სექტემბერს გამწვავდა.
სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანმა სამხედრო იერიში მიიტანა. გამოცხადდა საომარი მდგომარეობა და საყოველთაო სამხედრო მობილიზაცია.
საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებულია აზერბაიჯანის ზოგიერთ რეგიონში. ოფიციალური აზერბაიჯანი კონფლიქტის გაღვივებაზე მთელი პასუხისმგებლობას სომხეთს აკისრებს.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალივვს თქმით, სომხეთს აზერბაიჯანის მიწების მითვისება სურს და ამას არც მალავს. ალიევი სომხეთს ადანაშაულებს მოლაპარაკებების შეწყვეტასა და პროვოკაციებში.
სომხეთის პრემიერმინისტრმა განცხადება დღის განმავლობაში რამდენჯერმე გააკეთა. მან მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, არ დაუშვას თურქეთის ჩართვა ყარაბაღის კონფლიქტში. მანამდე თურქეთის პრეზიდენტმა, რეფეჯ თაიფ ერდოღანმა ღიად დაუჭირა მხარი აზერბაიჯანს.
ეუთოს მინსკის ჯგუფმა, რომელსაც საფრანგეთი, აშშ და რუსეთი ხელმძღვანელობენ, მოუწოდა მხარეებს, შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები და იმუშაონ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებაზე. სამხედრო დაპირისპირების შეწყვეტისკენ მხარეებს რუსეთმაც მოუწოდა.
სომხეთისა და აზერბაიჯანს შორის ვითარება 2020 წლის ივლისშიც გამწვავდა. სამხედრო კონფლიქტი მაშინ არა ყარაბაღში, არამედ ტავუშისა და ტოვუზის რეგიონებს შორის მდებარე საზღვართან მოხდა. დაპირისპირების შედეგად, სულ მცირე, 16 ადამიანი დაიღუპა.