შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის, ბექა ფერაძის თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს აპლიკაციის შექმნაზე, რომელიც QR კოდით მოქალაქის კოვიდსტატუსის იდენტიფიცირებას მოახდენს. ეს ფერაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე თქვა.
მისი თქმით, აპლიკაციაში იქნება ინფორმაცია მოქალაქის PCR და სწრაფი ტესტის პასუხისა და ვაქცინაციის შესახებ.
"სამინისტროს გუნდის მიერ შემუშავებულია სპეციალური აპლიკაცია კოვიდსტატუსის დადგენის მიზნით, რომელიც QR კოდის წამკითხველით ახდენს მოქალაქის კოვიდსტატუსის იდენტიფიცირებას. ამ აპლიკაციის მეშვეობით აბსოლუტურად გათვალისწინებულია პერსონალური მონაცემების სრული დაცვა და მისი გამოყენებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ ეთანხმება მისი ინფორმაციის დამუშავებას. აპლიკაცია მოიცავს ბოლო 72 საათში PCR ტესტის უარყოფით პასუხს, სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხი ასახული იქნება 24 საათის განმავლობაში, ასევე აპლიკაციაში იქნება ინფორმაცია ვაქცინაციაზე, აცრილია თუ არა ადამიანი და ბოლო 6 თვის განმავლობაში თუ აქვს კოვიდი გადატანილი", - თქვა ფერაძემ.
როგორც მან აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს არ ექნება შესაბამისი სმარტფონი აპლიკაციის ჩამოსატვირთად, მას შეეძლება საკუთარი QR კოდის ამობეჭდვა.
ფერაძის თქმით, აღნიშნულ საკითხზე სამინისტრო ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრებს უახლოეს დღეებში დაიწყებს.