სამომხმარებლო ფასების ზრდას ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნულ ბანკში ეხმაურებიან. საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ხელისუფლება თვალს უსწორებს იმ ფაქტს, რომ ლარის გაუფასურებამ გამოიწვია ინფლაციური პროცესები.
„ნიშნულები არ არის საგანგაშო, თუმცა ეროვნულმა ბანკმა უკვე მოახდინა რეაგირება და საკმაოდ მძლავრი, ეფექტური ნაბიჯები გადადგა," - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის თქმით, ინფლაცია 2020 წლის მეორე ნახევარში ჩამოსცდება მიზნობრივ მაჩვენებელს.
„ბოლო პერიოდში ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურების ფონზე ფასების ზრდის ტემპი დაჩქარდა. აღნიშნულის საპასუხოდ ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება დაიწყო. რაც იქამდე გაგრძელდება, სანამ არ ამოიწურება გაუფასურებული კურსის ეფექტის ფასების ზრდაზე. ჩვენი პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში ინფლაცია მიმდინარე წლის მიზნობრივი დონის ზემოთ დარჩება და შემდეგი წლის მარტიდან დაიწყებს შემცირებას, წლის მეორე ნახევარში ჩამოსცდება მიზნობრივ მაჩვენებელს და შემდგომ კი თანდათან ქვემოდან მიუახლოვდება მიზნობრივ მაჩვენებელს,“ - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
საერთაშორისო სავალუტო ფონდი 7.2%-ით პროგნოზირებს ინფლაციის ზრდას. მათი განცხადებით, ეს გამოწვეულია როგორც გარე ფაქტორებით, ისე ლარის კურსის გაუფასურებით.
„ჩვენი მოლოდინია, რომ გვექნება ზრდა 4.6%-ით, 4.3%-ს ვარაუდობთ მომავალი წლისთვის, ინფლაცია კი შემცირდება 3%-ით 2020 წლის ბოლოსთვის. მონეტარული პოლიტიკა უნდა იყოს საჭიროებისამებრ დარეგულირებული. გადასახადების გადახდამ გადააჭარბა მოლოდინს, რაც გადასახადების ადმინისტრირების გაუმჯობესებამ განაპირობა. თამბაქოს აქციზების ზრდა ხელს შეუწყობს საპროცენტო განაკვეთების ჰარმონიზებას და პერსონალური გადასახადების გადახდას. 2020 წლის ბიუჯეტის მთავარ პარამეტრებთან დაკავშირებით ხელისუფლებასთან შეთანხმებული მისიის მიზანია ფისკალური დეფიციტი იყოს 2.7% - ეს დონე შეინარჩუნებს ფისკალურ წესრიგს და შექმნის სივრცეს უფრო მაღალი სოციალური ხარჯებისთვის,“ - განაცხადა მერსედეს ვერა-მარტინიმ, საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა.
სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში აცხადებენ, რომ ისინი გააგრძელებენ ფასების ცვლილებაზე დაკვირვებას.
„ინფლაციის მაჩვენებლების ჩამოყალიბებაზე გავლენა მოახდინა ფასების ცვალებადობამ ძირითადად ორ სასაქონლე ჯგუფში - ეს გახლავთ სურსათი და უალკოჰოლო სასმელები, ასევე ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო. ჩვენ ვაკვირდებით წარსულში განვითარებულ მოვლენებს და, სამწუხაროდ, მომავლის პროგნოზირებას არ ვახდენთ," - განაცხადა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ.
საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემებით ჩანს, რომ ოქტომბრის თვეში წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით ფასები თითქმის 7%-ითაა გაზრდილი. თითქმის 27%-ითაა გაძვირებული ხილი, 16%-ით რძის პროდუქტები, თითქმის 15%-ით ხორცი და ხორცის პროდუქტები. პური კი, რომელიც მოსახლეობის დიდი ნაწილის რაციონში ყველაზე მნიშვნელოვან ადგილს იკავებს, 11 %-ით გაძვირდა. ამ ფონზე საქსტატი საარსებო მინიმუმის გაანგარიშების შეჩერებას გეგმავს, საერთაშორისო სავალუტო ფონდი კი ინფლაციის კიდევ უფრო ზრდას პროგნოზირებს.