logo
ENG



ფინანსთა მინისტრი მის შესაძლო იმპიჩმენტთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

26 თებ 202013:41
3 წუთის საკითხავი
 

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი მის შესაძლო იმპიჩმენტთან დაკავშირებით ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის განცხადებებს გამოეხმაურა. მისი თქმით, მან ერთხელ უკვე უპასუხა კითხვებს მინისტრის საათის ფარგლებში და უფრო დეტალურად საუბარი შეუძლებელი იქნებოდა, ამიტომაც რეგლამენტის დარღვევის ფაქტს ვერ ხედავს.

„ნახეთ, ოდესმე ამაზე მეტჯერ თუ იყო მინისტრი მისული ბოლო ექვს თვეში. ხარისხობრივი ნაწილი - ზუსტად სამი დღით ადრე, რა კითხვებიც იყო გამოგზავნილი, მინისტრის საათის ნახევარი დავუთმე ამ კითხვების პასუხს. მაშინ როცა ავტორები არც ისმენდნენ - ადგნენ და გავიდნენ. იმაზე დეტალურად რაღა უნდა მელაპარაკა, როგორც ვილაპარაკე", - აცხადებს ივანე მაჭავარიანი.

„ქართულ ოცნებაში" აღიარებენ, რომ მაჭავარიანმა რეგლამენტი დაარღვია, თუმცა ეს იმპიჩმენტის საფუძველი ვერ გახდება. რომან კაკულიას თქმით, მაჭავარიანი პირადი წყენის გამო არ მივიდა პარლამენტში.

„მე კი არა, რეგლამენტი ფიქრობს თვითონ, რომ დაირღვა. მაგრამ ეს არაა საფუძველი, რომ მის იმპიჩმენტზე ვიფიქროთ. ვანო მაჭავარიანი თავის მოვალეობებს კარგად ართმევს თავს. როგორც ჩანს, მან ჩათვალა, რომ მისი პირადი შეურაცხყოფა იყო. თუმცა, მაინც ვფიქრობ, რომ ამ წყენაზე მაღლა უნდა დამდგარიყო", - აცხადებს რომან კაკულია.

ეკა ბესელია მმართველ პარტიას კანონის დარღვევაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ამაზე რეაგირება საპროცედურო კომიტეტს უნდა ჰქონდეს.

„მე პრინციპულად ვაყენებ საკითხს, რომ ყველა შემთხვევა იყოს შესწავლილი რეგლამნეტის დარღვევის ფაქტები. აშკარად და უხეშად არღვევს მთავრობა კანონს, როდესაც არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, დღემდე წელიწადნახევარია კანონს არღვევს და არ იღებს შესაბამის აქტს. ამ რეაგირებას არც საპროცედურო კომიტეტი აკეთებს", - აცხადებს ეკა ბესელია.

შეგახსენებთ, რომ ივანე მაჭავარიანი საკომიტეტო მოსმენაზე ფრაქცია „დამოუკიდებელმა დეპუტატებმა“ 24 თებერვალს დაიბარეს, თუმცა მან დილით კომიტეტის თავმჯდომარეს შეატყობინა, რომ საკანონმდებლო ორგანოში მისვლას არ აპირებდა.


close დახურვა