logo
ENG



ფინანსთა სამინისტრო: საქართველო სრულად იცავს საერთაშორისო სანქციებს

08 ივნ 202322:46
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/08/5ycy7mng7vb21fh.jpg

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო  ეხმაურება ამერიკული გამოცემა POLITICO-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის მიხედვითაც საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებიც ხელს უწყობენ რუსეთის მიერ სანქციებისთვის თავის არიდების პრობლემას.

ფინანსთა სამინისტროს თქმით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორ ჯიმ ო’ბრაიანის განცხადება "ინტერპრეტირებულია მედიის მხრიდან და გამოყენებულია საქართველოს წინააღმდეგ მორიგი დეზინფორმაციისთვის".

სამინისტრო აცხადებს, რომ - საგარეო საქმეთა ევროპული საბჭოს (ECFR) მიერ ორგანიზებულ დისკუსიისას საქართველო ნახსენები იყო იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომლებიც "აქტიურად თანამშრომლობენ პარტნიორებთან იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოხდეს სანქციების რეჟიმის დარღვევის პრევენცია".

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თქმით, საქართველო სრულად იცავს საერთაშორისო სანქციებს და აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორ ქვეყნებთან.

ფინანსთა სამინისტროს განცხადება:

„საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ეხმაურება ზოგიერთი პოლიტიკოსისა და მედიასაშუალების მხრიდან საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით საერთაშორისო მედიაში - ამ შემთხვევაში, გამოცემა „Politico“-ში გამოქვეყნებულ პუბლიკაციას, რომელშიც როგორც გამოცემა აღნიშნავს, მოყვანილი აქვს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორ ჯიმ ო’ბრაიანის მიერ სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით გამოთქმული განცხადება.

სამწუხაროა, რომ ამერიკელი მაღალჩინოსნის განცხადება კვლავ ინტერპრეტირებულია მედიის მხრიდან და გამოყენებულია საქართველოს წინააღმდეგ მორიგი დეზინფორმაციისთვის. აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მედიის მიერ ხდება ბ-ნ ჯიმ ო’ბრაიანის ნათქვამის არასწორი ინტერპრეტაცია.

საინტერესოა, რომ Politico პუბლიკაციის საფუძვლად იღებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორ ჯიმ ო’ბრაიანის მიერ 7-8 ივნისს, სართაშორისო ანალიტიკური ცენტრის - საგარეო საქმეთა ევროპული საბჭოს (ECFR) მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, ღია დისკუსიის დროს გამართულ დიალოგს, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, ეხებოდა რუსეთისთვის საერთაშორისოდ დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს, მათი შესრულების მხრივ არსებულ გლობალურ გამოწვევებს და აშშ-ის და ევროკავშირის თანამშრომლობას პარტნიორ სახელმწიფოებთან სანქციების შესაძლო გვერდის ავლის რისკების პრევენციის მიზნით.

დისკუსიისას წამოჭრილ საკითხზე, თუ რომელ ქვეყნებთან მიდის მუშაობა სანქციების ეფექტურობის გაზრდის მიზნით და რამდენად წარმატებულად ახერხებს აშშ და ევროკავშირი სანქციების გვერდის ავლის პრევენციას, საქართველო ნახსენები იყო არა როგორც ქვეყანა, სადაც ხდება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლა, არამედ იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობენ პარტნიორებთან იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოხდეს სანქციების რეჟიმის დარღვევის პრევენცია.

სანქციების აღსრულების მიმართულებით საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის აქტიური და ქმედითი თანამშრომლობის გათვალისწინებით, მიუხედავად ზემოხსენებული მედია საშუალებებისა და ცალკეული პოლიტიკოსების ინტერპრეტაციისა, დარწმუნებულნი ვართ, რომ სანქციების გვერდის ავლის მიზეზად საქართველოს მოაზრება არ ასახავს არც შეერთებული შტატების პოზიციას და არც ჩვენი თანამშრომლობის ხასიათს ამ მიმართულებით.

საერთაშორისო სანქციების დაწესების დღიდან საქართველოს მიერ მიღებულია საბაჟო გამშვები პუნქტებიდან სანქცირებული საქონლის უკან გაბრუნების 1 200-ზე მეტი საბაჟო გადაწყვეტილება, გაფორმების ეკონომიკურ ზონებში საქონლის ექსპორტის ან რეექსპორტის განზრახვის თაობაზე, პირის ზეპირი/წერილობითი მომართვისას უარის თქმის 800-ზე მეტი საბაჟო გადაწყვეტილება.

კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ საქართველო სრულად იცავს საერთაშორისო სანქციებს და აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორ ქვეყნებთან.“ - წერია განცხადებაში.

8 ივნისს, გამოცემა Politico-მ გამოაქვეყნა სტატია, რომლის მიხედვითაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორის, ჯიმ ო'ბრაიენის განცხადებით აშშ-მა გამოავლინა 5 ქვეყანა, რომელიც ხელს უწყობს რუსეთის მიერ სანქციებისთვის თავის არიდების პრობლემას, ერთ-ერთი საქართველოა. 

"შეერთებულმა შტატებმა გამოავლინა ხუთი ქვეყანა, რომლებიც რუსეთის მიერ სანქციების არიდების პრობლემას იწვევენ: თურქეთი, ყაზახეთი, საქართველო, არაბთა გაერთიანებული საამიროები და სომხეთი."

ო’ბრაიენის თქმით, პრობლემა არის ის, რომ ევროპული კომპანიები ყიდიან მასალებს სხვა ქვეყნებს, რომლებიც, შემდეგ ამ მასალებს რუსეთში ყიდიან.

 

close დახურვა