ფინანსური მონიტორინგის სამსახური ეროვნული ბანკის შემადგენლობაში დაბრუნდეს - ამ ინიციატივით პარლამენტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი რომან გოცირიძე გამოდის. პარლამენტმა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება პირველი მოსმენით განიხილა. ინიციატივის ავტორების შეფასებით, ამ ცვლილებით ფულის გათეთრებასა და უკანონო შემოსავლებთან ბრძოლა ეროვნული ბანკის მხრიდან უფრო ეფექტური იქნება. ფრაქციაში მიიჩნევენ, რომ ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ხელისუფლება პოლიტიკური მიზნებისა და ფინანსური დანაშაულის დასაფარად იყენებს, რასაც თიბისი ბანკისა და პროგრეს ბანკის საქმეები ადასტურებს.
„ერთი წლის განმავლობაში ეროვნულ ბანკს არ ჰქონდა ერთის მხრივ ფინანსური მონიტორინგის სამსახური, რომელიც წავიდა პრემიერ-მინიტრთან, მეორეს მხრივ საბანკო ზედამხედველობის სამსახური, რომელიც ჩამოყალიბდა ცალკე უწყებად, დაინიშნა მისი დირექტორი, სხვათაშორის მისი დირექტორი პროგრეს ბანკის ყოფილი დირექტორი იყო, რაღაც შემთხვევითი დამთხვევა ხომ არ არის პროგრეს ბანკის ყოფილი დირექტორი დაინიშნა საბანკო ზედამხედველობის სამსახურის უფროსად“,-განაცხადა გოცირიძემ საპარლამენტო სესიაზე.