The Times ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ ფინეთი და შვედეთი მზად არიან, NATO-ს უკვე ზაფხულში შეუერთდნენ.
გამოცემა წერს, რომ აშშ-ს ოფიციალური პირების ცნობით, ორივე სკანდინავიური ქვეყნის NATO-ს წევრობა განიხილეს 6-7 აპრილის სესიებზე, ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრისას, რომელსაც შვედეთი და ფინეთიც ესწრებოდნენ.
The Times-ის ინფორმაციით, ფინეთის წევრობის განაცხადი ივნისშია მოსალოდნელი, ამის შემდეგ კი იგივეს გააკეთებს შვედეთიც.
ფინეთის პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა თქვა, რომ დროა სერიოზულად გადახედონ NATO-ს მიმართ თავიანთ პოზიციას. "რუსეთი არ არის ის მეზობელი, რომელიც გვეგონა", - თქვა მან.
როგორც CNN წერს, სანა მარინმა პარასკევს განაცხადა, რომ მისი ქვეყნის პარლამენტი აპირებს განიხილოს NATO-ში შესაძლო გაწევრიანება "მომდევნო კვირების განმავლობაში". მანვე დასძინა, რომ იმედოვნებს, ეს დისკუსიები დასრულდება "შუა ზაფხულამდე".
ამას გარდა, ფინეთის ერთ-ერთმა ყოფილმა პრემიერმა CNN-ს უთხრა, რომ
ორივე ქვეყანაში მნიშვნელოვნად შეიცვალა საზოგადოებრივი აზრი ალიანსში გაწევრიანების შესახებ მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს რუსეთი შეიჭრა უკრაინაში.
შვედეთის პრემიერმინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა მარტის ბოლოს SVT-თან ინტერვიუში არ გამორიცხა NATO-ს წევრობის შესაძლებლობა.
ასევე, CNN-თან საუბარში შვედეთის ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ისინი უსაფრთხოების პოლიტიკის ანალიზს აკეთებენ, რომელიც მაისის ბოლოს უნდა დასრულდეს და მთავრობა, სავარაუდოდ, გამოაცხადებს თავის პოზიციას ამ ანგარიშის შემდეგ.