შენიშვნა: ფლანგვის დეტექტორმა თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაცია ჩაასწორა. მათი ცნობით, ნიკოლოზ ქობულაძე დირექტორის მოვალეობას 2022 წლის 14 დეკემბრამდე ასრულებდა, პირველ ვარიანტში კი იკითხებოდა, რომ ის პოსტს დღემდე იკავებდა.
ფლანგვის დეტექტორის ცნობით, ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის დირექტორის პოსტს პროსახელისუფლებო და პრორუსული PosTv-ის თანამშრომელი იკავებდა, დირექტორის პოსტზე მისი ყოველთვიური ხელფასი კი 6 168 ლარი იყო.
მათი ცნობით, ნიკოლოზ ქობულაძე 2018 წლის მარტიდან ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის დირექტორის მოადგილე იყო, 2020 წლიდან 2022 წლის 14 დეკემბრამდე დირექტორის მოვალეობას ასრულებდა. მათივე ინფორმაციით, დირექტორად დანიშვნის შემდეგ მისმა თვიურმა ხელფასმა 5,600 ლარი შეადგინა, ხოლო 2022 წლიდან უკვე 6,168 ლარი იყო.
"ქობულაძე ცნობილია PosTv-ზე ანტიდასავლური გზავნილების მქონე და ხელისუფლების მხარდამჭერი ვიდეობლოგებით.
ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის საშუალო წლიური ბიუჯეტი 4 მილიონი ლარია და ამ თანხის ნახევარი ხელფასებში იხარჯება.", - ნათქვამია ინფორმაციაში.