ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, UEFA-მ გადაიფიქრა 21-წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური თამაშების ფოთის ცენტრალურ სტადიონზე ჩატარება და ამის მიზეზად არსებული ინფრასტრუქტურა დასახელდა, მიუხედავად იმისა, რომ სტადიონს 2013 წლიდან რეაბილიტაცია უტარდება.
ფოთის ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია 8 წლის წინ დაიწყო და მასში დღემდე 8.5 მილიონი ლარი დაიხარჯა, თუმცა მიზანი, რომ სტადიონი უეფას მესამე კატეგორიის შესაბამისი იყოს და საერთაშორისო მატჩების ჩატარება შესაძლებელი გახდეს - მიღწეული არ არის.
ამასთან, რეაბილიტაციაში სხვადასხვა დროს ჩართულმა ორმა კომპანიამ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წინასწარ გადახდილი თანხები, ჯამში 1.2 მილიონი ლარი მიითვისა.
დეტალურად:
აუდიტის სამსახურის ცნობით, 2013 წელსვე ფოთის მერიამ სტადიონის მშენებლობის პროექტი შპს საუკისგან 110,000 ლარად შეისყიდა და პროექტს იმავე წელს ექსპერტიზა ჩაუტარა შპს ფოთის პროექტებისა და ხაჯთაღრიცხვის ექსპერტიზამ, რაშიც თავის მხრივ 3,400 ლარი იქნა გადახდილი. გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ პროექტის შემდგენი და მისი შემფასებელი კომპანიების მფლობელი ერთი და იგივე ადამიანი - ზურაბ ჩოჩია იყო, რომელიც შპს საუკში ფლობდა 33%-იან წილს, ხოლო შპს ფოთის პროექტებისა და ხარჯთაღრიცხვის ექსპერტიზაში - 100%-იან წილს და ამავე დროს იყო ფირმის დირექტორი.
თავდაპირველად, 2013 წელს, ფოთის მერიის მიერ სტადიონის ასაშენებლად გამოცხადებულ ტენდერში შპს ნიუ კონსტრაქშენმა გაიმარჯვა, რომელსაც მუნიციპალიტეტმა ავანსის სახით 700,000 ლარი მისცა, მაგრამ რამდენიმე თვეში - 2014 წლის იანვარში პირობების შეუსრულებლობისა და ვადის გადაცილების გამო კომპანიასთან ხელშეკრულება გაწყვიტა. საქმე სასამართლოში წავიდა, სადაც კომპანიას სახელმწიფოს თანხების მითვისებას ედავებოდნენ და ავანსად მიღებული თანხის დაბრუნებას მოითხოვდნენ.
მეორე ტენდერი 2014 წლის ოქტომბერში გამოცხადდა და შპს ხიდმა გაიმარჯვა. ფოთის მერიის ინფორმაციით, შპს ხიდს ავანსად ნახევარი მილიონი ლარი ჩაურიცხეს, თუმცა ნაკისრი ვალდებულებები ვერც ამ კომპანიამ შეასრულა და მოგვიანებით დამფუძნებელი - თეიმურაზ წივწივაძე “სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხების მითვისების გამო დააკავეს.
ორჯერ შეფერხების შემდეგ, 2017 წლის 16 მაისს ფოთის მერიამ მესამე ტენდერი გამოაცხადა, სადაც უკონკურენტოდ შპს ელიტა ბურჯმა გაიმარჯვა.
თავდაპირველი სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული წინასწარი გადახდის მექანიზმი, არამედ თანხა უნდა გადახდილიყო ეტაპობრივად და სამუშაოების შესრულების ვადა 2017 წლის 31 დეკემბრამდე იყო. კომპანიისთვის გადასახდელ თანხად 1,860,000 ლარი განისაზღვრა.
მატჩები ფოთის ნაცვლად, ქუთაისში გაიმართება.