logo
ENG



ფლანგვა: ბათუმში სპორტკომპლექსის შენება 5 წელია გრძელდება, უკვე $20 მილიონზე მეტი დაიხარჯა

16 თებ 202217:24
3 წუთის საკითხავი
clock 636
2022/02/16/2nu4xjqhjf4iwu0.jpg
ფლანგვის დეტექტორი

ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, ბათუმში სპორტკომპლექსის მშენებლობა, რომელიც ყინულის არენისა და საცურაო აუზის აშენებას მოიცავდა, უკვე მე-5 წელია გრძელდება. პროექტზე 20 მილიონ დოლარზე მეტი უკვე დაიხარჯა, თუმცა პროექტის საბოლოო ფასი ჯერაც არაა განსაზღვრული.

ორგანიზაცია იუწყება, რომ  2017 წელს აჭარის მთავრობამ გადაწყვიტა, 2018 წელს საქართველოში დაგეგმილი ჭადრაკის მსოფლიო ოლიმპიადისთვის ბათუმის სპორტის სასახლე აეშენებინა. ჩატარდა 62 მილიონი ლარის ტენდერი, სასახლე აშენდა, თუმცა სამშენებლო სამუშაოების მიწურულს აღმოჩნდა, რომ ფართი საკმარისი არ იყო, ვინაიდან ოლიმპიადაში პროგნოზირებულზე მეტი ადამიანი იღებდა მონაწილეობას.

უხერხულობის თავიდან ასაცილებლად კი აჭარის მთავრობამ გადაწყვიტა მახლობლად, ტენდერის გამოუცხადებლად აეშენებინა ახალი სპორტკომპლექსი, რომლის ერთ დარბაზს ოლიმპიადისთვის გამოიყენებდნენ, შემდეგ კი, ყინულის არენად გადააკეთებდნენ. თავად სპორტკომპლექსი კი ყინულის არენისა და აუზის მშენებლობას ითვალისწინებდა და მისი მშენებლობისთვის დამატებით 20 მილიონი აშშ დოლარი გამოიყო.

საჭადრაკო ოლიმპიადა ქალაქ ბათუმში 2018 წლის 24 სექტემბერს დაიწყო და 6 ოქტომბრამდე გაგრძელდა. მასში 180 ქვეყნის 4000-მდე მოჭადრაკე მონაწილეობდა. მშენებლობის დასრულების თარიღად კი ოლიმპიადის დასრულების შემდეგი პერიოდი, 2019 წლის აპრილი დასახელდა.

ფლანგვის დეტექტორის ხელთ არსებული ინფორმაციით, კომპანია, რომელსაც აჭარის მერიამ 20 მილიონი გადაუხადა მუდმივად არღვევდა ხელშეკრულების პირობებს, რის გამოც 2020 წლის აპრილში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება და გამოითხოვა ავანსი და საბანკო გარანტია.

აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულების შეწყვეტიდან თითქმის 22 თვის შემდეგ, სამუშაოების დასასრულებლად გამოცხადდა ახალი  ტენდერი და საჭირო გახდა ახალი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაც. 

ამ დრომდე გაურკვეველია, როდის დასრულდება სპორტული კომპლექსის მშენებლობა და საბოლოოდ რა თანხა დაიხარჯება მშენებლობებზე.

 

close დახურვა