logo
ENG



ფლანგვის დეტექტორი: პოზნერის მასპინძელი ქართული ოცნების მსხვილი შემომწირველია

05 აპრ 202116:15
3 წუთის საკითხავი
 
2021/04/05/g96fmhxdyhxki0c.png

ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, რუსი პროპაგანდისტის ვლადიმირ პოზნერის მასპინძელი, ვინოტელის მესაკუთრე, ბენო ქაშაკაშვილი, ქართული ოცნების მსხვილი შემომწირველია.

არასამთავრობ ორგანიზაციის მიერ გავრცელებული მონაცემებით, ქაშაკაშვილმა და მისმა მეუღლემ, თეა ჯოხაძემ, 2016-2020 წლებში ქართულ ოცნებას 405 000 ლარი შესწირეს. ის ქართულ ოცნებასთან დაახლოებული პირია და 2016 წელს საპარლამენტო სიის 53-ე ნომერიც იყო.

ფლანგვის დეტექტორის ცნობით, ნახევარ მილიონზე მეტი ბენო ქაშაკაშვილის ბიზნესს ყოველგვარი ტენდერის გარეშე, პირდაპირი შესყიდვის გზით გადაეცა. სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოებმა, როგორებიცაა თბილისის მერია, სამინისტროები, შესყიდვების სააგენტო, საქართველოს რკინიგზა და სხვა 525,168 ლარის გამარტივებული შესყიდვა გააფორმა ქაშაკაშვილის სასტუმროსთან, რითაც მათ სარესტორნო და სასტუმრო მომსახურება შეისყიდეს მმართველ პარტიასთან დაახლოებული ბიზნესმენისგან.

მაგალითად, მის საკუთრებაშია შპს აიღვინისახლი, რომელიც სხვადასხვა მარკებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე, მათ შორის სასტუმრო/რესტორანი ვინოტელის სახით. ამ რესტორანში 31 მარტის საღამოს რუსი ჟურნალისტი და კრემლის პროპაგანდისტი ვლადიმირ პოზნერი თანხმლებ პირებთან ერთად კომენდანტის საათისა და სხვა შეზღუდვების დარღვევით ვახშმობდა.

შპს აიღვინისახლი 2019 წელს მესტიის საპრეზიდენტო რეზიდენციის მფლობელიც გახდა, რომელიც 2011 წელს აშენდა და რომელიც ბენო ქაშაკაშვილმა 7.5 მილიონ ლარად შეიძინა აუქციონზე. დაგეგმილია შენობის სასტუმროდ გადაკეთება.

მიუხედავად იმისა, რომ ბენო ქაშაკაშვილისთვის თავიდანვე ცნობილი იყო შეზღუდვების შესახებ და იცოდა, რომ საღამოს 20:00 საათის მერე მის რესტორანს მუშაობა არ შეეძლო, მან კანონის დარღვევით სტუმრები მაინც მიიღო, რასაც საზოგადოების მწვავე პროტესტი მოჰყვა.

ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, კითხვაზე, რატომ არ თქვა ბიზნესმენმა უარი კანონდარღვევაზე, რითაც თავიდან აიცილებდა ჯარიმასაც და ხალხის რისხვასაც, ბიზნესმენი აცხადებს, რომ მათ მოსვლა დააგვიანეს:

"დააგვიანეს მოსვლა, უარს ვერ ვეტყოდი, ყველა ყოველთვის აგვიანებს და კანონი არა შეგნებულად დაირღვა, თანაც - პირველად. ასეთ დიდ ჯარიმას არ ვიმსახურებდით, მგონია, არც - რისხვას, გამომდინარე მათი ადრინდელი ვიზიტებიდან ჩვენთან, თუ სხვა სასტუმროში", – ამბობს ქა­შა­კაშ­ვილი

ორგანიზაცია ასევე იხსენებს ბენო ქაშაკაშვილის დამოკიდებულებას მცოცავი ოკუპაციისადმი და 2019 წელს ერთ-ერთ ტელევიზიასთან მის ინტერვიუდან ამონარიდს ავრცელებს. კერძოდ, მან საზღვრის მორიგი გადმოწევის შესახებ განაცხადა:

"იმდენივე ტერიტორია როგორ წაგვართვეს, გადმოწიეს ჰა, ჰა 500 მეტრი. ქვეყნის 30% დავკარგეთ ამდენი არ გვინერვიულია... როგორ მოვიქცეთ? კრემლს შევუტიოთ, თქვენმა პარტიამ შეუტიოს. როგორ შეიძლება? აიღე თოფი, ჩადი კრემლში და შეუტიე მერე, შევარდი შიგნით. ერთადერთი მთავრობაა შვიდი წლის მანძილზე, რომელიც ომში არ გაეხვა". 

შსს-ს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მათ 41 რუსი სტუმრიდან 32 დააჯარიმეს კარანტინის წესების დარღვევის გამო, მათ შორის იყო ვლადიმერ პოზნერიც, თუმცა პირველ აპრილს რუსეთში დაბრუნებულმა პოზნერმა განაცხადა, რომ თბილისში ისინი არავის დაუჯარიმებია.


close დახურვა