logo
ENG



ფლანგვის დეტექტორი: სახელმწიფო პროგრამამ ოცნების შემწირველთა 5 კომპანია 775 000 დააფინანსა

13 სექ 202114:55
3 წუთის საკითხავი
 
2021/09/13/420ki9v1p691w11.jpg
ფლანგვის დეტექტორი

ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამა აწარმოე საქართველოში ინდუსტრიული მიმართულების ფარგლებში ყოვეწლიურად ​კერძო კომპანიებს აფინანსებს, მათ შორის არიან ქართული ოცნების შემომწირველი კომპანიები.

კერძოდ, დაფინანსებულ კომპანიებს შორის ხშირად ოცნების და ოცნების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შემომწირველები არიან.

2020 წელს 774,300 ლარით დაფინანსდა 5 კომპანია, რომელთა მესაკუთრეებსა და დირექტორებს ოცნებისთვის და ზურაბიშვილისთვის 610,000 ლარი აქვთ შეწირული.

"მაგალითად, პროგრამის ფარგლებში 2019 წელს ინდუსტრიული განვითარების მიმართულებით, რომელიც სასტუმრო და საწარმოების განვითარებას მოიცავს, 281 პროექტი დააფინანსა, საერთო ჯამში 22,331,323 ლარით.

აღსანიშნავია, რომ აწარმოე საქართველოში პროგრამის ბენეფიციარებს შორის ხშირად ვხვდებით ქართული ოცნების მაღალჩინოსნების კომპანიებს ან თავად ქართულ ოცნების შემომწირველებსა და მათ კომპანიებს.

მაგალითისათვის, 2019 წელს დაფინანსებული კომპანიებიდან 32 კომპანია ქართული ოცნების ან ქართული ოცნების მხარდაჭერილი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის შემომწირველი იყო. სხვადასხვა წლებში აღნიშნული კომპანიის მესაკუთრეებმა ქართულ ოცნებას საერთო ჯამში 1,517,444 ლარი შეწირეს, ხოლო სალომე ზურაბიშვილს 446,000 ლარი.

ამჯერად ფლანგვის დეტექტორმა შეისწავლა 2020 წელს ინდუსტრიული ნაწილის ფარგლებში დაფინანსებული კომპანიები. დაფინანსებულ კომპანიებს შორის 6 კომპანია აღმოჩნდა ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული. 5 კომპანიის შემთხვევაში მესაკუთრეები ქართული ოცნების შემომწირველები არიან, 1 კომპანიის შემთხვევაში კი კომპანიის ერთ-ერთი მესაკუთრე პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ზაქარია ქუცნაშვილის ძმაა.

საერთო ჯამში 2020 წელს 774,300 ლარით დაფინანსდა 5 კომპანია, რომელთა მესაკუთრეებმა სხვადასხვა დროს ქართულ ოცნებასა და ოცნების მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს საერთო ჯამში 610,000 ლარი შეწირეს. მათ შორის ქართულ ოცნებას - 525,000 ლარი, ხოლო სალომე ზურაბიშვილს - 85,000 ლარი.

შემომწირველებს შორის ყველაზე დიდი დაფინანსება 2020 წელს შპს Construction Service-მა(404935647) და შპს შატო კვირიკემ (246951259) მიიღეს.

შპს Construction Service-მა დაფინანსების სახით აწარმოე საქართველოსაგან 449,306 ლარი მიიღო. კომპანიის 55% წილის მესაკუთრე გიორგი გაბუნია, 2016 წელს მან ქართულ ოცნებას 55,000 ლარი შეწირა. კომპანიის 40% მესაკუთრეა შპს ქისთოუნ ქონსთრაქშენ (402132535), რომლის ერთ-ერთი მესაკუთრე გივი კუბლაშვილია, მან ქართულ ოცნებას 2020 წელს 60,000 ლარი შეწირა. გარდა აწარმოე საქართველოდან მიღებული დაფინანსებისა, კომპანია ტენდერებში მონაწილეობითაც იღებს თანხებს ბიუჯეტიდან. კომპანიას 2013-2021 წლებში 83,200,871 ლარის ღირებულების ტენდერი აქვს მოგებული. ხოლო გამარტივებული შესყიდვის სახით მიღებული აქვს 664,313 ლარი.

რაც შეეხება შპს შატო კვირიკე-ს, აწარმოე საქართველომ 2020 წელს კომპანია 181,430 ლარით დააფინანსა. კომპანიის 100% წილის მესაკუთრე გიორგი ჭყონიაა. მან 2016,2017,2021 წლებში ქართულ ოცნებას ჯამში 180,000 ლარი შეწირა, ხოლო 2018 წელს სალომე ზურაბიშვილს 60,000 ლარი. კომპანიის დირექტორმა, გია ქათამაძემ , ქართულ ოცნებას 2017,2020,2021 წლებში 115,000 ლარი შეწირა, ხოლო 2018 წელს სალომე ზურაბიშვილს – 5000 ლარი", - ნათქვამია ინფორმაციაში. 

 

close დახურვა