შეერთებულ შტატებში ჯორჯ ფლოიდს ემშვიდობებიან. 46 წლის ფერადკანიანი მამაკაცის ხსოვნის პატივსაცემად ცერემონია უკვე გაიმართა მინეაპოლისში, სადაც ტრაგედია მოხდა, კიდევ ორი ცერემონია კი ხვალ და ორშაბათსაა დაგეგმილი. ბრალი წაუყენეს ჯორჯ ფლოიდის დაკავებაში მონაწილე დანარჩენ სამართალდამცველებსაც, თუმცა სამართლიანობის მოთხოვნით გამოსვლები ქვეყანაში მაინც გრძელდება.
ოჯახის ადვოკატის განცხადებით, ჯორჯ ფლოიდი რასიზმის პანდემიამ იმსხვერპლა. ჯორჯ ფლოიდის ხსოვნის პატივსაცემად გამართულ ცერემონიას ასობით ადამიანი დაესწრო. ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად, მინეაპოლისის უნივერსიტეტის დარბაზში მინესოტის გუბერნატორი და ქალაქის მერიც იმყოფებოდნენ. სიტყვით გამოვიდა ადამიანის უფლებების ცნობილი დამცველი ელ შარპტონიც, რომელმაც შეერთებულ შტატებში რასობრივი დისკრიმინაციის დასრულების აუცილებლობაზე ისაუბრა.
მემორიალური ცერემონიების პარალელურად, მინეაპოლისის სასამართლოს წინაშე პირველად წარსდგა ტრაგედიაში მონაწილე კიდევ სამი სამართალდამცველი. მათ ბრალი მკვლელობაში თანამონაწილეობის მუხლით წაუყენეს, გირაოს თანხად კი მოსამართლემ მილიონი დოლარი განსაზღვრა.
ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებაში დამნაშავე პირების დასჯის მოთხოვნით მასშტაბური გამოსვლები შეერთებულ შტატებში უკვე 10 დღეა იმართება. საპროტესტო აქციებს 150-მდე ქალაქი შეუერთდა.