ფოთის ცხელების ცენტრიდან ხუთი პაციენტი გაეწერა. ისინი კლინიკაში რესპირატორული სიმპტომებით იყვნენ მოთავსებული, თუმცა არცერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდგინდა.
კლინიკის დირექტორის თეა მიგინეიშვილის თქმით, ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და პაციენტები სტაციონალურ დახმარებას არ საჭიროებენ. ისინი მკურნალობას ბინაზე განაგრძობენ.
„ხუთივე პაციენტზე ჩატარებული იქნა ტესტირება და პასუხი უარყოფითი უყო. პაციენტებს გართულებები არ აღენიშნებათ. მათ ჩაუტარდათ პირველადი სამედიცინო დახმარება და ყველა მათგანი გაეწერება ბინაზე. ისინი ამბულატორიულად გააგრძელებენ მკურნალობას, სტაციონალურ დახმარებას აღარ საჭიროებენ“, - განაცხადა თეა მიგინეიშვილმა.
ამ დროისთვის საქართველოში კოროანვირუსი 211 პირს დაუდასტურდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4559 პირი, სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშაა 353 ადამიანი. 50 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა, 3 კი, გარდაიცვალა.
ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული. მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ. მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება.
საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ქვეყანაში უკვე დაფიქსირებულია შიდა გადაცემის ფაქტებიც.
ჯანმომ ვირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.