logo
ENG



ფოთში ახალი საზღვაო ნავსადგური გაიხსნა, ინვესტიცია ჯამში $120 მილიონი იქნება

29 იან 202214:57
3 წუთის საკითხავი
clock 1366
ფოთში ახალი საზღვაო ნავსადგური გაიხსნა, ინვესტიცია ჯამში $120 მილიონი იქნება

ფოთში ახალი საზღვაო ნავსადგური გაიხსნა, ინვესტიცია ჯამში $120 მილიონი იქნება

ფოთში ახალი საზღვაო ნავსადგური გაიხსნა. 

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ამ დრომდე განხორციელებული ინვესტიციის ოდენობა 93 მილიონი აშშ დოლარია, ჯამში კი 120 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზრდება. 

"2020 წლიდან კომპანია „პეისის" მხრიდან მიმდინარეობდა ფოთის ახალი ნავსადგურის მასშტაბური მშენებლობა, რაც უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტია რეგიონისთვის. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობა პროექტში. კერძოდ, აშშ-ს ფედერალური მთავრობის საერთაშორისო ფინანსური განვითარების კორპორაციიდან (DFC) გამოყოფილი იქნა დაფინანსება 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, რაც კიდევ ერთი გამოხატულებაა, რომ საქართველო უცხოური ინვესტიციებისთვის მიმზიდველი ქვეყანაა და რომ ის წარმოადგენს რეგიონში უდიდესი სატრანზიტო და სატრანსპორტო პოტენციალის მქონე ქვეყანას". - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, ეს პორტი იმ ფიზიკური ინფრასტრუქტურის ნაწილია, რომელიც საქართველოს ევროპასთან აკავშირებს.

"გლობალური მიწოდების ჯაჭვის ფარგლებში და განსაკუთრებით, პანდემიის პირობებში, ჩვენ ყველანი კარგად ვაანალიზებთ იმას, თუ საიდან მოვდივართ და როგორ ვუკავშირდებით გარე სამყაროს. ეს განვითარების პროექტი შესაძლებლობას მისცემს საქართველოს, რომ ძალიან სწრაფად მიაწოდოს ტვირთები და დააკავშიროს სხვადასხვა მხარეები. საქართველოში ამ ინვესტიციით ჩვენ ვხვდებით ახალ სანდო პარტნიორს ამ პორტის სახით და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს პოტენციალის განვითარებისთვის რეგიონალური დაკავშირებადობის კუთხით, როდესაც მსოფლიო და სამხრეთ კავკასიის რეგიონი ალტერნატიულ გზებს ეძებს მიწოდების ჯაჭვში.

ამის გარდა, ზღვის პორტი არის კეთილდღეობის და უსაფრთხოების ელემენტი.

ჩვენი ვალდებულებაა, რომ საქართველოს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს, დავეხმაროთ პორტის ინფრასტრუქტურის განვითარებაში. ჩვენ საერთო ინტერესები გვაქვს და პატივს ვცემთ თავისუფლებას, ნავიგაციას, წვდომას საზღვაო გზებზე და ეროვნულ უსაფრთხოებას. ეს პორტი არის ფიზიკური ინფრასტრუქტურის ნაწილი, რომელიც უკავშირებს საქართველოს ევროპასთან. ეს არის სიმბოლო ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის". - თქვა კელი დეგნანმა


close დახურვა