logo
ENG



ფოთში ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი ბოკერია იქნება, ზუგდიდში - უგულავა

03 აგვ 202012:30
3 წუთის საკითხავი
clock 2855

ფოთში, ხობსა და სენაკში ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი გიგა ბოკერია იქნება, ზუგდიდში კი  გიგი უგულავა.

ამის შესახებ მათ რამდენიმე წუთის წინ პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის ღონისძიებაზე თავად განაცხადეს.

"მე გადაწყვიტე, პირველად ჩემი გრძელი პოლიტიკური ცხოვრების განმავლობაში, მაჟორიტარად ვიყარო კენჭი ფოთში, ხობსა და სენაკში. არა მხოლოდ იმიტომ, რომ დედაჩემია ფოთშია დაბადებული, არამედ იმიტომ, რომ საქართველოს ეს ნაწილი არის მთელ საქართველოშიც კი ყველაზე ევროპული ნაწილი. ამიტომ, გაუმარჯოს ევროპულ საქართველოს! ჩვენ ავაშენებთ იმ ქვეყანას, სადაც თავისუფლება იქნება დაცული, სადაც მოქალაქეები თვითონ მოიპოვებენ თავის ბედნიერებას. ჩვენ ჩამოვაცილებთ კლოუნებს ამ ქვეყანას“, - განაცხადა ბოკერიამ.

მხარდამჭერებისადმი მიმართვაში გიგი უგულავამ აღნიშნა, რომ საპარლამენტო არჩევნებზე მთავარი ბრძოლა სწორედ ზუგდიდში იქნება:

"როდესაც ადამიანს უნდა, შეაფასოს საქართველოს ისტორია, მიმდინარე პოლიტიკური თუ სოციალური ცხოვრება, კულტურა და მთლიანად შეხედოს საქართველოს, ამისთვის არსებობს ერთი ადგილი, სადაც აუცილებლად უნდა ჩავიდეს და იმ ადგილიდან გადმოხედოს ქვეყანას, იმ პერსპექტივიდან დაინახოს ქვეყანა. ეს ადგილი არის სარკე, რომელშიც კარგად ჩანს ჩვენი წარმატებები და ამავე დროს ჩვენი ჩავარდნები. ეს ადგილი არის ზუგდიდი და მე ვაპირებ, თქვენი მხარდაჭერით ზუგდიდში ვიყარო კენჭი. ზუგდიდში იქნება ყველაზე მთავარი ბრძოლა, რომელსაც ივანიშვილი გამართავს თავისი დამპალი ხელისუფლების შესანარჩუნებლად“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

შეგახსენებთ, ევროპულმა საქართველომ საქართველოს რეგიონების 14 ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. კანდიდატთა სია იხილეთ აქ.


close დახურვა