ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ, ფოთში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ ბაჩანა შალიკაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
პროცესზე ბრალდებულის ადვოკატებმა 30 000-ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენეს, თუმცა მოსამართლემ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
ბრალდებულის ადვოკატები აცხადებენ, რომ საქმეში მათი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. ისინი დღევანდელ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
"ამ უკანონო გადაწყვეტილების, განჩინებას როგორც კი მივიღებთ, გავასაჩივრებთ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში. ბრალდებული არ ეთანხმება ამ გადაწყვეტილებას და არც ჩვენ ვეთანხმებით", - განაცხადა ადვოკატმა ნუგზარ ტყებუჩავამ.
ფოთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, შსს-ს მომსახურების სააგენტოსთან 45 წლის გურამ ახალაია 4 თებერვალს მოკლეს. იმავე დღეს სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1 პირი - ბაჩანა ახალაია დააკავეს.
ფორმულამ მოიპოვა კადრები, რომელიც სავარაუდოდ, ფოთში, 4 თებერვალს მომხდარ მკვლელობას ასახავს. ვიდეომასალა შსს-ს მომსახურების სააგენტოს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სათვალთვალო კამერით არის გადაღებული.
კადრებში ჩანს, როგორ გადაადგილდება ჭავჭავაძის ქუჩაზე ნიღბიანი პირი, შედის მომსახურების სააგენტოს ეზოში, უახლოვდება ავტომობილს, რომლითაც გურამ ახალაია გადაადგილდებოდა და მას დამიზნებით რამდენჯერმე ესვრის.