logo
ENG



ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს ანზორ ერქომაიშვილის სახელი მიენიჭება

08 აპრ 202117:19
3 წუთის საკითხავი
 
2021/04/08/wh3woibie72xh29.jpg

საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს ანზორ ერქომაიშვილის სახელი მიენიჭება.

"სულ ახლახან მივაბარეთ მიწას ჩვენი დიდი ქართველი მუსიკოსი, ბატონი ანზორ ერქომაიშვილი. ქართული კულტურის განვითარებაში ფასდაუდებელი წვლილის აღსანიშნავად, მთავრობის გადაწყვეტილებით, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს ანზორ ერქომაიშვილის სახელი მიენიჭება", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ქართველი ფოლკლორისტი და მუსიკოსი, ანსამბლ რუსთავის დამფუძნებელი ანზორ ერქომაიშვილი 80 წლის ასაკში, 31 მარტს გარდაიცვალა. ერქომაიშვილი კორონავირუსის დიაგნოზით პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იყო მოთავსებული და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

ანზორ ერქომაიშვილი 1968 წლიდან ანსამბლ "რუსთავს" ხელმძღვანელობდა. 1972–1975 წლებში იყო რუსთავის სამუსიკო სკოლის დირექტორი. გამოცემული აქვს მის მიერვე ჩაწერილი და გაშიფრული 7 ქართული (გურული) ხალხური სიმღერა.

2008 წელს გახდა საქართველოს პარლამენტის წევრი ოზურგეთის საარჩევნო ოლქიდან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარდგინებით. 2009 წლიდან შეწყვიტა საკანონმდებლო საქმიანობა და იყო ფოლკლორის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი. 2014 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. დაჯილდოებულია ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით.


close დახურვა