logo
ENG



ფონიჭალაში ორი ადამიანის დაჭრის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

25 აგვ 202411:35
3 წუთის საკითხავი
 

პოლიციამ ფონიჭალაში ორი ადამიანის დაჭრის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ამავე დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოსა და დეტექტივების მთავარი სამმართველოების თანამშრომლებთან ერთად, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2005 წელს დაბადებული ლ.ტ. ორი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 24 აგვისტოს, თბილისში, ზემო ფონიჭალის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ კორპუსში ორ პირს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა", - წერია უწყების განცხადებაში.

დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

როგორც ცნობილია, ორი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.


close დახურვა