logo
ENG



ფორმულა: მერიამ ეკონომიკის სამინისტროს თაბორზე ორი მილიონი კვადრატული ტყე გადასცა

18 თებ 202219:01
3 წუთის საკითხავი
 
ფორმულა: მერიამ ეკონომიკის სამინისტროს თაბორზე ორი მილიონი კვადრატული ტყე გადასცა

ფორმულას ინფორმაციით, თბილისის მერიამ ეკონომიკის სამინისტროს თაბორის მთაზე ორი მილიონი კვადრატული ტყის მასივი გადასცა. უწყება სატყეო ზონას გასაყიდად ამზადებს და ამისთვის ინვესტორს ეძებს.

ტერიტორია სატყეო ზონაა და იქ მშენებლობა იკრძალება, მაგრამ მდებარეობს ზუსტად ბიძინა ივანიშვილის იმ მიწის გვერდით, რომელსაც მანამდე ხმაურის და პროტესტის მიუხედავად, ხელიუფლებამ სტატუსი შეუცვალა. იგი ცნობილი "პანორამა თბილისის" მომიჯნავეა.

ირაკლი აბესაძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს სურს მიწის ნაკვეთი პანორამა თბილისს შეუერთოს.

"ეს არის ტერიტორია, რომელსაც გზა უდგება, ეს არის სარეკრეაციო სივრცე, მოპირდაპირედ შენდება ბიძინას პანორამა თბილისი და რა თქმა უნდა, ბევრს შეიძლება გაუჩნდეს იდეა, რომ თუნდაც ის ტერიტორია, სადაც ჩვენ ახლა ვდგავართ აიღოს საინვესტიციოდ და განახორციელოს აქ მძიმე ინფრასტრუქტურის მშენებლობა.

პანორამა თბილისის მომიჯნავედაც, დაახლოებით 99 ათასი კვადრატული უკვე ცალკე მიწის ნაკვეთებად გამიჯნა ეკონომიკის სამინისტრომ და თავისუფლად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ივანიშვილს სურს მისი პანორამა თბილისის ტერიტორიის გაფართოება." - ამბობს ირაკლი აბესაძე.

ასევე, სპეციალისტი ცირა ელისაშვილიც ამბობს, რომ მიწის ნაკვეთები პანორამა თბილისს შეუერთდება.

11 იანვრის თბილისის მერის ხელმოწერილი განკარგულებით, ირკვევა, რომ ტერიტორიის გადაცემის ინიციატივით მუნიციპალურ ორგანოს ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვის სააგენტომ 9 დეკემბერს მიმართა.

ეკონომიკის სამინისტრომ ტერიტორიის მიღებისთანავე 2 მილიონი კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი 13 დამოუკიდებელ ნაწილად დაყო.

უკვე ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაში არსებული მიწა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პანორამა თბილისის მომიჯნავეა, ხვდება თაბორის მამათა მონასტერს და ჩადის თითქმის კრწანისის მოედნამდე. ამას გარდა, მერიამ ეკონომიკას შინდისი-კრწანისის დამაკავშირებელი გზაც გადასცა.

თბილისის გენგეგმის მიხედვით მთლიანად თაბორის მთა სატყეო სტატუსის ქვეშაა, რაც ნიშნავს იმას, რომ აქ მშენებლობა ნებადართული არ არის. ეკონომიკის სამინისტროს ღია განცხადების შემდეგ ახალი ტერიტორიას სტატუსი უნდა შეუცვალონ. თბილისის მერიაში ამტკიცებენ, რომ 2 მილიონი მეტრის მიწის ნაკვეთი ეკონომიკას დამკვიდრებული პრაქტიკის საფუძველზე გადასცეს.

ქონების მართვის სააგენტო ფორმულას უდასტურებს,  რომ თაბორის მთა კარგი საინვესტიციო გარემოა და კერძო სექტორის დაინტერესების შემთხვევაში, მზად არის ტერიტორია გაასხვისოს. ეს ტერიტორია, თავისი მდებარეობიდან გამომდინარე წარმოადგენს მაღალი საინვესტიციო პოტენციალის მქონე ობიექტს და კერძო სექტორის მხრიდან დაინტერესების შემთხვევაში სააგენტო მზად არის იმსჯელოს ისეთ საინვესტიციო წინადადებებზე, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში მეტი ინვესტიციის მოზიდვას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

თაბორის მთით ბიძინა ივანიშვილი წლებია დაინტერესებულია. „პანორამა თბილისის“ ასაშენებლად ქართული ოცნების დამფუძნებელს თბილისის მერიამ 400 ათასი კვადრატული მეტრი გადასცა.

ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ, თაბორის მთის ტერიტორიაზე გოლფის მოედნები, გოლფ კლუბი, 80-ნომრიანი სასტუმრო და სარეკრეაციო ზონის მოწყობა მიმდინარეობს. თაბორი რეზიდენსის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა.


close დახურვა