ფორმულასთვის ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვენეციის კომისიას მიმართა მოსმენების კანონზე.
ფორმულას ინფორმაციით, საშემოდგომო სესიაზე, როცა პარლამენტი კანონპროექტზე მსჯელობას განაახლებს, პრეზიდენტი პრეზიდენტი სწორედ ვენეციის კომისიისგან მიღებულ შენიშვნებს წარადგენს.
პრეზიდენტმა დოკუმენტის ვენეციის კომისიისთვის გაგზავნის გადაწყვეტილება არასამთავროვო სექტორთან საგანგებო შეხვედრის შემდეგ მიიღო. კონსულტაციები ათონელის რეზიდენციაში შედგა და მას პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი უძღვებოდა.
პრეზიდენტმა ვენეციის კომისიას კანონის დაჩქარებული წესით შესწავლა დაავალა. კომისიამ მოთხოვნა დაუკმაყოფილა.
ფორმუალსთვის ცნობილი გახდა ისიც, რომ კომისიამ მუშაობა უკვე დაიწყო.
პირველი, ვისაც ისინი დაუკავშირდნენ, საპარლამენტო ოპოზიცია იყო. მათთან ონლაინ კონფრენციაზე ექსპერტები დაინტერესდნენ არამხოლოდ საკანონმდებლო ნორმით, არამედ პოლიტიკური კონტექსტით და იმ მანკიერი პრაქტიკით, რომელიც ე. წ მოსმენების სკანდალს უკავშირდება.
ქართული ოცნება პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე კომენტარისგან თავს იკავებს.
მოსმენების შესახებ კანონპროექტის ვენეციის კომისიისთვის გაგზავნას ქართულ ოცნებას ევროკავშირის ელჩი ურჩევდა, თუმცა, მმართველმა გუნდმა კარლ ჰარცელის რჩევა არ გაითვალისწინა.
***
სალომე ზურაბიშვილმა თავისი პირველი ვეტო 22 ივნისს გამოიყენა და ის მოსმენების შესახებ კანონს დაადო.
საქმე ეხება ქართული ოცნების დეპუტატების მიერ შემუშავებულ კანონპროექტს, რომელიც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ფარული საგამოძიებო მოქმედებების ვადების შესახებ ცვლილებებს გულისხმობს. ფარული საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებას, საკომუნიკაციო არხებიდან ინფორმაციის მოხსნასა და ფარულ ფოტო/ვიდეო/აუდიო ჩაწერას მოიცავს. მიღებული ცვლილებების შედეგად, ფარული საგამოძიებო მოქმედებები 9 თვემდე გახანგრძლივდება. ქართული ოცნების კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით 7 ივნისს მიიღო.